გიორგი გობრონიძე: ტრამპი მიხვდა, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და მოუწევს სწორედ ძალის დემონსტრირება
,,ტრამპი მიხვდა, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და ტრამპს მოუწევს სწორედ ძალის დემონსტრირება”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ტრამპის პროპუტინისტად წარმოჩენა შეცდომაა.
“აშშ-მა, მიუხედავად ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესისა, ვერ მიაღწია პროგრესს, რაც აძლიერებს შეხედულებას, რომ ამერიკის საერთაშორისო პრესტიჟი მკვეთრად ეცემა, განსაკუთრებით ჩინეთისა და სხვა ძლიერი მოთამაშეების თვალში. ამიტომ ვაშინგტონში უკვე მობილიზებული არიან მკაცრი ზომების მისაღებად. რაც შეეხება მეორად სანქციებს, საინტერესო დეტალია სავაჭრო ტარიფების დაწესება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ გაზსა და ნავთობს ყიდულობენ – ეს შეიძლება გახდეს კატალიზატორი, რომელიც რუსეთის ყველაზე მტკივნეულ ეკონომიკურ სექტორს დაარტყამს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ რუსული ენერგომატარებლების მოხმარება შეაჩეროს, რაც არა მხოლოდ რეგიონული, გლობალური სიგნალია ჩინეთისთვისაც – მანაც უნდა გადახედოს მიმწოდებელ ქვეყნებთან ურთიერთობას, რათა ამერიკასთან გართულებები აიცილოს. ეს სანქციები რუსულ ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს და შეამცირებს მის შესაძლებლობას, რომ უკრაინასთან ომი ეფექტიანად წარმართოს.
ყოველთვის ვამბობდი, რომ ტრამპის პროპუტინისტად წარმოჩენა შეცდომაა. მახსოვს მისი პირველი საპრეზიდენტო ვადაც, როცა რუსეთთან დალაგების მომხრე იყო, თუმცა ეს არ უშლიდა ხელს აგრესიულ ქმედებებს სირიაში რუსულ ბაზებზე… ტრამპი მიხვდა, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და ტრამპს მოუწევს სწორედ ძალის დემონსტრირება… მოდი, ობიექტურად შევაფასოთ რეალობა. სინამდვილეში ყირიმის კრიზისი იმიტომ მოხდა, რომ დასავლეთში გულწრფელად სჯეროდათ, რაც რუსეთმა საქართველოში გააკეთა, უკრაინაში ვეღარ გაბედავდა. დასავლეთის ამ ილუზიებმა ჩამოუყალიბეს რუსებს დაუსჯელობის განცდა, რაც საბოლოოდ გადაექცათ რწმენად, რომ რუსეთს შეუძლია გლობალური მასშტაბის აგრესორი იყოს. სწორედ ამ განცდით წამოიწყო პუტინმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპულ კონტინენტზე მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი და ისიც იმ ქვეყანაში, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. ჯერ კიდევ ელცინის პერიოდში დასავლეთს ჰქონდა ილუზია რუსეთის დემოკრატიზაციის შესახებ. აბსურდია არა?!
“რუსეთი და დემოკრატია” – ეს ორი სიტყვა ერთ წინადადებაშიც კი არ ჯდება. გარდა ამისა, ითქვა ფრაზა: “ჩავხედე პუტინს თვალებში და დავინახე მეგობარი”, რაც მალევე, როცა საქართველოზე მიიტანა იერიში, შეიცვალა ფრაზით: “ჩავხედე პუტინს თვალებში და დავინახე კა-გე-ბე”. საქართველო პუტინის პირველი საერთაშორისო სამიზნე იყო. გახსოვთ, როგორ მოიქცა მაშინ ევროპა? რეაქცია იყო სამარცხვინო. დაგვიდეს ტალიავინის დასკვნა, რომელიც არც ფაქტებს ასახავდა სწორად და არც რეალობას. თურმე არ იყო პრობლემა, რუსეთმა რომ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, მაინც ჩვენ დავიწყეთ ომი… ვიღაცა შეიძლება ლაპარაკობდეს მიზანშეწონილობაზე, ცხინვალში ქმედებებზე, ტაქტიკასა და სამოქალაქო მოსახლეობის დაცვაზე, მაგრამ ფაქტია: საქართველოს რუსეთისთვის ომი არ გამოუცხადებია – ჩვენ ვიგერიებდით შემოჭრილ მტერს. ამის შემდეგ რას აკეთებს დასავლეთი? მხოლოდ 60 დღით აჩერებს ბიზნესმოლაპარაკებას რუსეთთან. არც ქმედითი ნაბიჯები, არც რეალური სანქციები, მხოლოდ შეშფოთება, დაძაბულობის შემცირებისკენ მოწოდება და სხვა არაფერი…
ეს ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ რუსეთმა იგივე გაიმეორა უკრაინაში. გახსოვთ 2014 წელი? მინსკის შეთანხმებებში სადმე ნახსენებია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა? თავიდანვე ჩანდა, რომ რუსეთს ყირიმის დაბრუნებას არავის მოსთხოვდა. პირიქით, ევროპელებმა თქვეს, რაც არის, არის, მოდი, ამის იქით აღარ გავუშვათო. გახსოვთ, როგორ ჩააბარეს სუდეტის ოლქი ჰიტლერს 1938 წელს? მაშინდელ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჩემბერლენს ეგონა, ამით მშვიდობა მოიპოვა. თუმცა რეალურად სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი მეორე მსოფლიოს ომის დაწყებას. მაშინაც და ახლაც დასავლეთი თავის კომფორტული გადმოსახედიდან გადაწყვეტდა და გადაწყვეტს, ვინ რისი გამკეთებელია. ამასობაში კი დესტრუქციული ძალები მოქმედებენ. გერმანიამ მხოლოდ ახლა დაიწყო სამხედრო რეფორმა, ვითომ მანამდე საჭირო არ იყო? თითქოს არ იცოდნენ, რომ რუსეთს დიდი არმია ჰყავდა. თითქოს ეს არმია მხოლოდ სოფლის მეურნეობაში იყო დასაქმებული, ჩრდილოეთ კორეის შრომითი ბატალიონივით. საფრთხე მაშინაც არსებობდა და ახლაც არის. უბრალოდ, ევროპამ მხოლოდ ახლა ინება მისი დანახვა.
რუსეთში დეფექტური მმართველობა ნამდვილად არის, კორუფცია რუსი ერის ერთგვარი “კულტურული მონაპოვარია”, მაგრამ ქვეყნის ჩამოშლის შესაძლებლობას ჯერ ვერ ვხედავ. საბჭოთა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, პუტინმა წინამორბედების შეცდომები გაითვალისწინა და ჩინოვნიკებს იმდენის მოპარვის საშუალებას არ აძლევს, რომ ხალხი შიმშილით დაიხოცოს. იცით, რატომ არ მუშაობდა სანქციები რუსეთში? იმიტომ, რომ შეზღუდვები არ აისახება მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონეზე. ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომლის საზოგადოების სამ მეოთხედს სრულფასოვანი ინტერნეტიც არა აქვს, სამ მეოთხედამდე მოსახლეობა ვერ სარგებლობს კანალიზაციით. მე არ ვსაუბრობ მოსკოვზე, პეტერბურგზე, ეკატერინბურგზე, ვსაუბრობ, რუსეთის დიდ ნაწილზე, რომელსაც ინფრასტრუქტურა არ გააჩნია. დაახლოებით 50 მილიონი კაცი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და მათთვის არაფერს ნიშნავს, თუ აიფონზე წვდომა შეეზღუდებათ. თუმცა რუბიოს დაანონსებული მეორადი სანქციები ამ მოცემულობას ცვლის, ვინაიდან ის პირდაპირ ურტყამს პოლიტიკურ ელიტას. შესაბამისად, თუ რუსეთში რაღაც შეიცვლება, ეს არც რუსი ხალხის აჯანყების შედეგი იქნება და არც შეიარაღებაში ჩადებული დიდი ფული, ეს იქნება პოლიტიკური და სამხედრო ელიტების უკმაყოფილების შედეგი.