გლდანში იუსტიციის სახლი გაიხსნა
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გლდანში, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა №81-ში იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 500-მდე სერვისს თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გლდანის იუსტიციის სახლი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად გახსნეს.
„ახალი იუსტიციის სახლის შენობა 3 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ის სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. ფილიალში 90-მდე პირია დასაქმებული.
იუსტიციის სახლის გლდანის ახალი ფილიალის გახსნით კიდევ უფრო გაუმჯობესდება მომხმარებელთა ნაკადის მართვა, რაც ხელს შეუწყობს ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას.
თბილისში, იუსტიციის სახლის ცენტრალური და გლდანის ფილიალების გარდა, ფუნქციონირებს ვარკეთილის ფილიალი; მომავალში კი, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დიდ დიღომში განხორციელდება, სადაც უახლოეს მომავალში დაიწყება იუსტიციის სახლის ახალი ფილიალის მშენებლობა.
იუსტიციის სახლის მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 126 ფილიალში ყოველდღიურად 20 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს, მათ შორის, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.