რუსეთმა წამების პრევენციის შესახებ ევროპული კონვენცია დატოვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს წამების საწინააღმდეგო ევროპული კონვენციის დენონსაციის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებსაიტზე დღეს გამოქვეყნდა.

აღნიშნული ინიციატივა პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს განსახილველად წარუდგინა.

კანონი დენონსაციას უწევს 1987 წლის 26 ნოემბრის წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის შესახებ ევროპულ კონვენციას და 1993 წლის 4 ნოემბრის №1 და №2 ოქმებს, რომლებსაც ხელი მოეწერა რუსეთის ფედერაციის სახელით სტრასბურგში 1996 წლის 28 თებერვალს.

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭო წამების პრევენციის ევროპულ კომიტეტში რუსეთის მუშაობას ბლოკავს და რუსეთს საშუალებას არ აძლევს, რომ კომიტეტში თავისი წარმომადგენელი აირჩიოს.

როგორც მან აღნიშნა, ევროპული კონვენციით გათვალისწინებული თანამშრომლობის პრინციპის მიუხედავად, რუსეთის წარმომადგენლობის მოთხოვნები იგნორირებულია.

სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის განცხადებით, კონვენციიდან გასვლა რუსეთის მიერ წამების პრევენციის გარანტირების დონეზე გავლენას არ მოახდენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები