ირაკლი მელაშვილი: აშკარაა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა მცირდება
,,ძალიან ცუდი პროცესია. ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან ოპოზიციური პარტიების ნაწილს მიაჩნდა, თუ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, აქტიურ ჯგუფებს პოლიტიკურად გაანადგურებდნენ, ეს გაასუფთავებდა ველს და ამ ადგილს თვითონ დაიკავებდნენ. სინამდვილეში, ეს დიდი სისულელეა”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი, გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, აშკარაა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა მცირდება.
,,ამით უპირველესად ხდება ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ფრუსტრაცია და დღეს სწორედ ამას ვადევნებთ თვალს. “ნაცმოძრაობა” გადასულია არა იმდენად “ოცნებასთან” ბრძოლაზე, რომელსაც ვერაფერს აკლებს, არამედ იმაზე, რომ იმედი აქვს, იმ აქტიურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც მათ მხარს არ უჭერენ, გაანადგურებს. ფიქრობენ, რომ “ოცნება” იმდენად დასუსტდება, მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა და ველზე მარტოდ დარჩენილებს ძალაუფლება ხელში ჩაუვარდებათ. მაგრამ “ნაცები” ვერ ხვდებიან, რომ უსათუოდ დამარცხდებიან, მათი ციხეში მყოფი ბელადი კი წაგებულია…
ახლა მემარცხენეებს დაეტაკნენ, იქ ვახუშტი მენაბდეს. რაზედაც ისინი მენაბდეს ეჩხუბებიან, აშკარად მიუთითებს, რომ ფიქრობენ, თუ ხარ ოპოზიციაში, მამაშენმა არათუ ტენდერი არ უნდა მოიგოს, თავადაც გამოფხეკილი ლუზერი უნდა იყო, რომელსაც ერთადერთი უფლება აქვს, იდგეს ქუჩაში და აპროტესტოს. მეტიც, ჰგონიათ, ეს არის ნორმა და მათი ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს. ვახუშტი მენაბდესაც ამაზე ეჩხუბებიან, მამაშენმა თუ ტენდერში გაიმარჯვა, შენ როგორ ხარ ოპოზიციონერიო. როგორ შეიძლება ამ აზროვნებით გქონდეს იმის იმედი, რომ შენ უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებ? “ნაცმოძრაობა” არ აძლევს მოსახლეობას საშუალებას, დაივიწყოს ის ცუდი, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს უკეთებიათ. ვერაფერს ვიზამ, მათ ჰყავთ თავიანთი მრევლი, მრევლს კი თავისი კერპი… საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ამ კერპთაყვანისმცემლობას არის მიჩვეული, ქვეყანას სწორედ ასე უყურებს – თუ ხარ ოპოზიციაში, არა გაქვს უფლებები, უფლებები აქვს მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც ხელისუფლებაშია. ამ ადამიანებს წარმოდგენა არა აქვთ დემოკრატიაზე და რაც მთავარია, მიიჩნევენ, რომ ასე უნდა იყოს. ასე იყო მიშას დროსაც.
საზოგადოებაში უფრო გაზრდილია ნიჰილიზმი ოპოზიციური მოძრაობის მთელი ამ პროცესის მიმართ. აშკარაა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა მცირდება და მცირდება არა იმიტომ, რომ ვიღაცას ხელისუფლება შეუყვარდა, არამედ იმის გამო, რომ ალტერნატივა არ არის დამაკმაყოფილებელი, მათ შორის, დემოკრატიის, თავისუფლების ხარისხით… ოპოზიციური საზოგადოების ნაწილი მთელ დროს უთმობს “ლელოსთან” ჩხუბს. გახარიას ელექტორატი მაინც ხელისუფლების ყოფილი მომხრეების ნაწილია, ამიტომ “ლელოს” ეცნენ, რადგან მან თავიდან მათ ხმები გაუყო. ამიტომაც დაესივნენ… ახლა კი “ლელო”- გახარია მათ ამაში თვითონ უწყობს ხელს, რადგან თუ შედეგის მიღწევა გინდა, რაც შეიძლება მალე უნდა აჩვენო საზოგადოებას, რომ შეთანხმებები მიღწეულია, რომ გაცილებით დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვს, ვიდრე იმათ, ვინც არ მონაწილეობს არჩევნებში. კანდიდატების შერჩევა უნდა იყოს საზოგადოებისთვის გამჭვირვალე.
დღეს არავინ იცის, როგორ ხდება შერჩევა, ვერ ისწავლეს, რომ პოლიტიკა წესებზე დაფუძნებული თამაშია და, როდესაც ხელისუფლებას ბრალს სდებ, რომ ის წესებს არ იცავს, შენ უნდა მისცე წესების დაცვის მაგალითი. ჩემი აზრით, უნდა გამოცხადებულიყო, აი, ამაზე ვართ შეთანხმებული, ამ წესით მოხდება კანდიდატების შერჩევაო და ა.შ. ახლა ეს ყველაფერი ისევ კულუარულია, მიდის რაღაც მოლაპარაკებები, არჩევნების იდეას კი, რომელიც ისედაც ძალიან დაზარალებულია, ეს გაურკვევლობა უფრო აზარალებს. დასაწყისშივე ყველაფერი ნათელი უნდა ყოფილიყო – თამაშის ამ წესს რომ იღებ, ეს გიცავს არასწორი ნაბიჯებისგან. მაგრამ ამ წესებს არ შეიმუშავებენ ზუსტად იმის გამო, რომ სრული თავისუფლება მოიპოვონ ლიდერებმა, რათა მერე როგორც უნდათ, ისე მიიღონ გადაწყვეტილება. ვერავინ ხვდება, რომ სხვა თამაშის წესები სჭირდება ოპოზიციას. მან უნდა აჩვენოს, რომ უფრო უკეთესია, ვიდრე ხელისუფლება. დღეს ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე დგას, რომ ხალხს ხელისუფლება არ მოსწონს. ოპოზიციამ ვერაფრით შეძლო საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ თვითონ რატომ არის უკეთესი, გარდა იმისა, რომ გაიძახის, პროდასავლური ვარო. კარგი, გავიგეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ხელისუფლების დასამარცხებლად.
ჩემთვის ძალიან რთული განსაჭვრეტია, თუ რა გეგმები აქვთ ხაბეიშვილსა და ბურჭულაძეს, რომლებმაც გამოაცხადეს “მშვიდობიანი დამხობის” გეგმა. “მშვიდობიანი რევოლუციაც” კი არ თქვეს, დამხობაო, რაც ძალიან უცნაურია. ვფიქრობ, რომ ხაბეიშვილს უფრო შიდა ბრძოლები აქვს, როგორც ჩანს, ამით სურს ლიდერობის დაბრუნება. ეტყობა, რაღაც ხდება “ნაცმოძრაობაშიც”, იმიტომ, რომ ბევრ საკითხზე არ ჰქონდათ ერთიანი აზრი და მათ შორის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზეც, მაგრამ საბოლოოდ ბოიკოტისტებმა გაიმარჯვეს. ისიც ფაქტია, რომ კრიტიკული იყო “ნაცმოძრაობის” ზოგიერთი ლიდერის შეფასებები ხაბეიშვილის ამ განცხადებებზე, მაგრამ ახლა გაჩერდა ეს პროცესი. როგორც ჩანს, ამ სუპერაქტიურობით ხაბეიშვილს ახლა სურს ლიდერის პოზიცია დაიკავოს მთლიანად ოპოზიციურ სპექტრში, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ ახლა ამისთვის კარგი დროა – ლიდერების ნაწილი ციხეშია, გარეთ თითქოს მოცარიელდა ადგილი და შესაძლოა ამ გზით ცდილობს თავის დამკვიდრებას, როგორც ოპოზიციისა და საპროტესტო მოძრაობის ლიდერი. ლოგიკა ამას უფრო გვკარნახებს, მაგრამ იმასაც ვერ გეტყვით, რომ ხაბეიშვილის ან ბურჭულაძის ქმედებების ლოგიკა ლოგიკის ჩემეულ აღქმაში ჯდება. ყოველ შემთხვევაში, ვადებით და თარიღებით დაანონსებული რევოლუციები მე არ გამიგია”,- განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.