კახა კალაძე: მინდა, დავპატიჟო ყველა, მოდით და ნახეთ, გლდანში რა გაკეთდა – დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელი, ვისაც ჩვენი დედაქალაქი უყვარს, იამაყებს ამ პროექტით
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის პატარა ტბის გარშემო მასშტაბური სამუშაოები დაასრულა და დედაქალაქს კიდევ ერთი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შემატა.
თუ აქამდე ტერიტორია მოუწესრიგებელი და სამშენებლო ნარჩენებისგან დანაგვიანებული იყო, დღეს პატარა ტბის ირგვლივ შექმნილია სრულად განახლებული გარემო. აღნიშნული პროექტი მომზადდა მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით.
განახლებული ტერიტორია დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.
„კარგად გვახსოვს, როგორი მოუწესრიგებელი მდგომარეობა იყო გლდანის პატარა ტბის გარშემო და დღეს ტერიტორია უკვე ყველანაირად რეაბილიტირებული, განახლებულია. მოეწყო სასეირნო და ველობილიკები, განათების სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები. ეს ყველაფერი თქვენია, რომელსაც უნდა მოვუაროთ, მივხედოთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან სამუშაოებში. მადლობა ადგილობრივ მოსახლეობას, რადგან მათი თანადგომით შევძელით ამ ძალიან კარგი პროექტის განხორციელება. მინდა, დავპატიჟო ყველა, მოდით და ნახეთ გლდანში რა გაკეთდა, რა პროექტია განხორციელებული. დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელი, ვისაც ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი უყვარს და უნდა მისი განვითარება, წინსვლა, იამაყებს ამ პროექტით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას. გლდანში გვაქვს კიდევ ერთი ტბა, რომელიც ასევე ცუდ მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, ტერიტორია კერძო საკუთრებშია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ და ვეცდებით, რომ იგი მუნიციპალიტეტს დავუბრუნოთ და ასეთივე პროექტი განვახორციელოთ. აქვე არის „ამერის“ საფეხბურთო სკოლაც, რომელიც წლების განმავლობაში კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. იქ არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ტერიტორია უკვე დავუბრუნეთ თბილისელებს და პირობას გაძლევთ, რომ ორ წელიწადში ის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ცენტრი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 8,2 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც 5,1 ჰა პარკის ტერიტორიაა, მოეწყო სპორტული და საბავშვო მოედნები, ფრენბურთის ქვიშის მოედანი, საჩრდილობლები, სკამები, ურნები, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. ტბაზე დამონტაჟდა პირსი, რომელიც ვიზიტორებს შესაძლებლობას აძლევს, დააკვირდნენ გარემოსა და ფრინველებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გამწვანებაზე – მოეწყო სარწყავი სისტემა, შეტანილი იქნა ნოყიერი მიწის ნაზავი და მულჩი, 22 757 კვ.მ ფართობზე დაიგო და დაითესა ბალახი, 2 491 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგო. გარდა ამისა, მოეწყო ტერასული გამწვანება, რომელიც ბუნებრივად შერწყმულია არსებულ ლანდშაფტთან.
პარკი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტის საერთო ღირებულებამ 10 მილიონი ლარი შეადგინა.
განახლებული ტერიტორია, თბილისის მერთან ერთად, გლდანის გამგებელმა – ბესიკ კალაძემ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა – პაატა ტოგონიძემ და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა – კონსტანტინე ზარნაძემ დაათვალიერეს.