ვახტანგ ძაბირაძე: 4 ოქტომბრის 20:00 საათისთვის ხელისუფლება რომ არ შეიცვლება, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია

“ეს არჩევნები მნიშვნელოვნად განსხვავდება ყველა იმ არჩევნებისგან, რომელიც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გვინახავს. პირველ ყოვლისა, განსხვავდება იმით, რომ ოპოზიციაში ვერ მოიძებნა შეხებისა და შეთანხმების წერტილები, არადა, სურვილის შემთხვევაში ეს თითქოს არცთუ ისე რთული უნდა ყოფილიყო”,- ამის შესახებ ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ზუსტად არჩევნების დღეს – 4 ოქტომბერს აქციის დანიშვნა ცოტა გაუგებარია.

,,ოპოზიციას თუ რეალურად სურს “ქართული ოცნების” დამარცხება, სწორედ შეთანხმების გზით უნდა წასულიყო. რაღა დაგიმალოთ და, ზუსტად არჩევნების დღეს – 4 ოქტომბერს აქციის დანიშვნა ჩემთვის ცოტა გაუგებარია. რა ვიცი, 3-ში ან 5-ში რომ დაენიშნათ, შესაძლოა ეს გაცილებით წარმატებული ყოფილიყო. მე არ მომისმენია მათგან არგუმენტები იმისა, რატომმ უნდა გაიმართოს აქცია მაინცდამაინც 4-ში. მიუხედავად ამისა, შექმნილი ვითარებიდან კიდევ შეიძლებოდა გამოსავლის პოვნა. ყველას კარგად ესმის, რომ შუაზე გაყოფილი ოპოზიცია მხოლოდ `ქართული ოცნების~ წისქვილზე ასხამს წყალს და არ უწყობს ხელს ოპოზიციური ელექტორატის მობილიზებას.

უკვე შექმნილ ვითარებაში ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, ოპოზიციურ ამომრჩეველს არჩევნებშიც მიეღო მონაწილეობა და პროტესტშიც, რაზეც ილაპარაკა კიდეც “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. მეც კარგა ხანია ვამბობ, რომ სავსებით შესაძლებელია ამომრჩეველმა იბრძოლოს ორივე ფრონტზე. ამის წინააღმდეგ რატომ მიდის ის ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის მომხრეა, არ ვიცი. მე მათგან ამის არგუმენტები ვერ მოვისმინე, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ამ აქციით აპირებენ ხელისუფლების შეცვლას, მაგრამ როგორ, რა მექანიზმით?! თუ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე პარტიების მხარდამჭერებიც მივლენ საპროტესტო აქციაზე, ეს ხომ ნიშნავს, რომ პროტესტი უფრო მასობრივი იქნება. ამიტომ ვერ გავიგე, რის საფუძველზე, რატომ გადაწყვიტეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა და საპროტესტო აქციაზე მისვლა, ერთმანეთს გამორიცხავს…. მოკლედ, სწორედ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება განასხვავებს ყველაზე მეტად ამ არჩევნებს წინა არჩევნებისგან. სხვა შემთხვევებში ოპოზიცია მეტ-ნაკლებად ახერხებდა შეთანხმებას – თუ ერთი ფრონტით არ გადიოდნენ, იმას მაინც ახერხებდნენ, ერთმანეთს არ დაჰპირისპირებოდნენ.

გარდა ამისა, გაუგებარია, რომელი პოლიტიკური ძალები იღებენ პასუხისმგებლობას მასშტაბური აქციის ორგანიზებასა და ხელისუფლების შეცვლის დაპირებაზე და თუ არ შეიცვალა, მერე რას გეგმავენ?! გეტყვით, რაც მოხდება… 4 ოქტომბრის 20:00 საათისთვის ხელისუფლება რომ არ შეიცვლება, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რამდენად რეალურია ეს დაპირება, რადგან როდესაც შედეგი არ დადგება, უფრო მეტად იმედგაცრუებული არ დარჩეს. კი, პროტესტი აუცილებელია, აგერ 300 დღეზე მეტია ხალხი ქუჩაშია, ეს უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ფუჭი იმედის შექმნა არ არის საჭირო! რაც შეეხება მმართველ გუნდს, მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება – არ უნდა წაუცდეს ხელი ძალის გადამეტებაზე. უნდა ახსოვდეთ 2007 წლის 7 ნოემბრის გაკვეთილები!”, – განაცხადა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები