“წარმოდგენა არ გვაქვს, პაატა ბურჭულაძე რას ბოდავს; ჩვენ მასთან სანიტარული კორდონი გვაქვს აგებული” – თამარ ჩერგოლეიშვილი
“წარმოდგენა არ გვაქვს, პაატა ბურჭულაძე რას ბოდავს. ჩვენ მასთან სანიტარული კორდონი გვაქვს აგებული”, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ის მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის წინასაარჩევნო განცხადებებს გამოეხმაურა.
„ძალიან გვაშფოთებს მისი დამოკიდებულება ორგანიზებულ დანაშაულთან და კანონიერ ქურდებთან. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ორგანიზებული დანაშაული დავამარცხოთ, კანონიერი ქურდები ამოვძირკვოთ და ამ ქვეყანაში შესაძლებლობა მივცეთ ხალხს, რომ პოლიტიკის ნაწილი გახდნენ. იმიტომ კი არ მოვდივარ ხელისუფლებაში, რომ ძალაუფლება ჩავიგდო ხელში, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ცხოვრება გავაუმჯობესო. ზუსტად ვიცით, კანონიერ ქურდებთან ძმაკაცობით ეს რომ ვერ მოხდება. ამიტომ, მასთან დიდი ჩინური კედელი გვაქვს. 4, 3 და 2 ოქტომბერსაც ქუჩაში ვიქნებით. ჩვენი აზრია, რომ ქუჩა არის ერთადერთი გადაწყვეტა, მაგრამ არანაირ დედლაინებს საკუთარ თავებს არ ვუწესებთ, ჩვენი დედლაინი არის გამარჯვება. როცა გავიმარჯვებთ, მაშინ გავიმარჯვებთ და ყველა დაინახავთ“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
“4 ოქტომბერს იწყება და მთავრდება ყველაფერი, 4 ოქტომბერს მივაღწევთ ჩვენ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა” – აცხადებს პაატა ბურჭულაძე.