მირიან მირიანაშვილი: ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს
,,ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს. ასეთი მასშტაბის პოლიტიკური კონტროლის ცვლილება ამიერკავკასიასა და მასზე მიბმულ ჩრდილოეთ წინა აზიაში, რომელიც ისტორიულად ერთ გეოპოლიტიკურ არეალს წარმოადგენდა, ბოლო 100 წლის განმავლობაში მხოლოდ 6 ან 7-ჯერ თუ მომხდარა. დღეს, საქმე გვაქვს ამერიკის პოლიტიკური კონტროლის მკაფიო ინტერვენციასთან”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი, გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ამერიკის ელიტა ახლა თითქმის საუკუნოვან პოლიტიკურ პლაცდარმს იკეთებს.
“დიდი მიამიტობა იქნება, თუ ამ პროცესში კონსტრუქტორის როლში მოვიაზრებთ აზერბაიჯანს, სომხეთს ან თუნდაც თურქეთს და მათ ელიტებს მივაწერთ მიღწევებს. არ უნდა დაგვავიწყდეს დრამატული ტრანსფორმაციის ციკლი, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განვითარდა. ზანგეზურის კორიდორი, რომელიც ახალი პოლიტიკური კონტროლის ერთგვარი “პირმშოა”, თავდაპირველად რუსული გავლენის ობიექტად მოიაზრებოდა. ეს განისაზღვრა იმ შეთანხმებით, რომელიც 2020 წელს გაფორმდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, როდესაც კორიდორის კონტროლი და მენეჯმენტი რუსეთის ხელში უნდა ყოფილიყო. შემდეგ თურქულ-აზერბაიჯანულმა ტანდემმა სომხების აქტიური მონაწილეობით რუსები ამოაგდეს პროცესიდან და საქმეების განმკარგველად თურქეთი ჩადგა. ახლა კი ირკვევა, რომ ამერიკელებმა თამაშიდან თავად თურქეთიც ამოაგდეს და “ტრამპის კორიდორად” მონიშნეს. ეს ნიშნავს გლობალურ, ტოტალურ რენოვაციას არსებული სიტუაციისას. ჩემი ინფორმაციით, თურქული ელიტა კატასტროფულად იმედგაცრუებულია, მაგრამ ტრამპს ვერ ედავებიან. შეთანხმების თანახმად, ეს ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო სტამბოლში, ერდოღანის მონაწილეობით. თუმცა ბოლო კვირების დრამატული ტრანსფორმაციის შედეგად, მოცემულობა სრულად შეიცვალა.
ეს ყველაფერი ჩვენს ინტერესებში ჯდება, იმიტომ, რომ რუსეთის დასუსტებისა და რეგიონის რუსეთისგან გათავისუფლებით შექმნილ ვაკუუმს ავსებს არა თურქეთი, არამედ ამერიკა. რეგიონში ახალ პოლიტიკურ კონტროლს საქართველოს ხელისუფლება ვერ აღუდგება წინ. ეს იმდენად თვალში საცემი რეალობაა, რომ ყველაზე მიამიტი დამკვირვებელიც მიხვდება – ამერიკის ინტერესებს საქართველო კი არა, რუსეთიც ვერ აღუდგება წინ. ჩვენი რეგიონით ამერიკის ელიტის დაინტერესება ახალი ამბავი არ არის. უბრალოდ, ახლა ზანგეზურის დერეფნის კონტექსტში ამ ინტერესმა სამართლებრივი ინსტიტუციონალიზაცია მიიღო. ფაქტობრივად, ამერიკის ელიტა ახლა თითქმის საუკუნოვან პოლიტიკურ პლაცდარმს იკეთებს. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ჩვენ შევძლებთ ამ პროცესს თავი ავარიდოთ და ჩავიკეტოთ რუსეთთან ერთად, აბსურდია.
საქართველო ამ დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების მონაწილე უნდა იყოს, თავის ინტერესებზე უნდა იფიქროს და კონკრეტული შედეგი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ მძიმე შედეგს, რომლის გამოსწორებასაც ათწლეულები დასჭირდება. უნდა შევხედოთ ფართო სურათს: რუსეთი პოლიტიკური გავლენის თითქმის ყველა სივრციდან ამოაგდეს – სამხრეთ სუდანიდან, ლიბიიდან, სირიიდან, შუა აზიიდან, უკრაინიდან და სხვა რეგიონებიდან, სადაც “ვაგნერი” რუსეთის სახელით აქტიურობდა. გამოდის, რუსეთს მხოლოდ საქართველო რჩება? ისტორიაში არსებობდა იმპერია, რომელსაც მხოლოდ ერთი კოლონია ჰქონდა? პატარა საქართველო ვერ იქნება ერთადერთი კოლონია, რომლის საფუძველზეც რუსეთის იმპერია საბჭოთა კავშირის აღდგენას მოახერხებს. ამას გარდა, სად არის გარანტია, რომ ამერიკის ელიტა შეეგუება საქართველოს ხელისუფლების რუსეთისადმი სატელიტურ განწყობებს? ხედავთ ამის ნიშნებს?
დროა სიმართლე ვთქვათ – ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვუყურებდით პოლიტიკურ ფარსს. რეალურად საქართველოს არასოდეს ჰქონია ამერიკელებთან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა – არც მაშინ, როცა ავღანეთსა და ერაყში ჯარს გზავნიდა და არც მას შემდეგ. პრობლემა ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებებს ასეთი ფარსის მოწყობა შეეძლოთ მანამდე, სანამ ამერიკა რეგიონში არ იყო აქტიურად შემოსული. ახლა, როცა ამერიკა შემოდის, ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებისთვის ანტიამერიკული კურსის გატარება გაცილებით სარისკოა, ვიდრე ადრე იყო. მაგალითისთვის ავიღოთ არაბული სამყარო: რამდენად არის შესაძლებელი რომელიმე არაბული სახელმწიფოსგან ანტიამერიკული კურსის გატარება, როცა თითქმის ყველა მათგანში ამერიკული სამხედრო ბაზებია? ამიტომ ინგრევა წინა აზიაში თითქმის ყველა ანტიამერიკული სახელმწიფო. ამერიკა იქ უკვე მნიშვნელოვან სამხედრო-პოლიტიკურ ფაქტორად იქცა. მალე აქაც ასე იქნება და ჩვენი პოლიტელიტისთვის ანტიამერიკული კურსის არჩევა იმდენად დიდ რისკებთან იქნება დაკავშირებული, რომ გამორიცხულია რაიმე გაბედონ. უბრალოდ, მათ არ სჯეროდათ, რომ ამერიკა რეგიონში რეალურად შემოვიდოდა.
რუსეთმა იცის, რომ ამიერკავკასიას და, შესაბამისად, საქართველოსაც, უპირობოდ კარგავს. ამიტომ ცდილობს გააცოცხლოს ძველი იდეა, რომლის მიხედვითაც საქართველო უნდა დარჩეს პოლიტიკური კონფედერაციის ფორმატში, სადაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს მნიშვნელოვანი ავტონომიური გავლენა ექნება. მე მაქვს ამ ხელშეკრულების წინასწარი ტექსტი წაკითხული და ვიცი, რაც წერია – ფაქტობრივად, საქართველო უნდა გადაკეთებულიყო სამ რესპუბლიკად – ოსეთის, აფხაზეთის და საქართველოს კავშირად, რომელსაც სამხრეთი კავკასია დაერქმეოდა, მართვის ბლოკი კი ამ ავტონომიების გავლით სრულად უნდა გადასულიყო რუსეთის ხელში. ახლა რუსები ცდილობენ ასეთი მეთოდით დაეწიონ რეგიონულ მატარებელს, რომელიც უკვე ჰორიზონტიდან ეკარგებათ და საქართველოს ხელისუფლებაც ჩაითრიონ სრულ აბსურდში. სისულელე იქნება, რომ ამ სატყუარების სანაცვლოდ ვაღიაროთ ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოს სახელმწიფოს თანატოლად. სანაცვლოდ რას მივიღებთ? აბსოლუტურად არაფერს! ჩვენ ახლა მშვიდად უნდა დაველოდოთ რუსეთის ამიერკავკასიიდან წასვლას და მისი დაუძლურების გარდაუვალ პროცესს. აფხაზებს და ცხინვალს კი მაშინ უნდა მივხედოთ, როცა რუსეთს ჩვენთვის ზიანის მოყენების შესაძლებლობა აღარ ექნება” , – აცხადებს მირიანაშვილი.