ნეთანიაჰუ: თუ „ჰამასი“ უარყოფს აშშ-ის სამშვიდობო გეგმას, მაშინ ისრაელი საქმეს თავად დაასრულებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ „ჰამასი“ უარყოფს აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას.
„თუ „ჰამასი“ უარყოფს გეგმას ან მიიღებს მას, მაგრამ მის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, მაშინ ისრაელი საქმეს თავად დაასრულებს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში გამოსვლისას.
მისი თქმით, ამის გაკეთება შეიძლება მარტივი გზით, ან რთულით, თუმცა ეს აუცილებლად მოხდება.
„ჩვენ მარტივ გზას ვამჯობინებთ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა მან.
ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა ისრაელის ომის მიზნების მიღწევის აუცილებლობას.
„ომის ჩვენს მიზნებს უნდა მივაღწიოთ, რადგან ჩვენ არ ვიბრძოლეთ ეს საშინელი ბრძოლა, არ შევწირეთ ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდები იმისთვის, რომ „ჰამასი“ ღაზაში დარჩეს და კვლავ დაგვემუქროს“, – განმარტა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, თეთრმა სახლმა ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოვლისმომცველი გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც 20 პუნქტისგან შედგება.