გიორგი კალანდარიშვილი: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 30-მდე საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება, მათ შორის არიან საელჩოები, ასევე, პირები სხვადასხვა ევროპული ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებიდან
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 30-მდე საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება, მათ შორის არიან საელჩოები, ასევე, პირები სხვადასხვა ევროპული ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებიდან, რომლებიც ჩამოვლენ და თუ ვინმე იტყვის მათზე, რომ პროფესიონალიზმი და კომპეტენცია აკლიათ, ეს ღიმილისმომგვრელი იქნება“, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 20-მდე ადგილობრივი სადამკვირვებლო კომპანია და 30-ზე მეტი მედიასაშუალების ასობით წარმომადგენელი დააკვირდება.
„მიუხედავად იმისა, რომ ისინი ლიმიტირებული მანდატის ფარგლებში დააკვირდებიან, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვლენ, მაინც გააკეთებენ თავიანთ შეფასებას, რადგან ჩვენი საბოლოო პროდუქტი, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია ქმნის და რისთვისაც მთელი წლის განმავლობაში ემზადება, ეს არის კენჭისყრის დღე, ის სერვისები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ვახორციელებთ. კენჭისყრის დღეს ისინი მთავარ პროდუქტს ნახავენ და მთავარ პროდუქტს დააკვირდებიან და შეაფასებენ.
ამასთან, 20-ზე მეტი ადგილობრივი სადამკვირვებლო კომპანია აკვირდება – ვიღაცას შეიძლება ვიღაც მოსწონდეს და ვიღაც არ მოსწონდეს, მაგრამ ამ ორგანიზაციების უმეტესობა წინა არჩევნებზეც აკვირდებოდა და აქვთ მათ გარკვეული გამოცდილება. ამიტომ, ისინიც დააკვირდებიან, თავის შეფასებებს გააკეთებენ, დასკვნებს წარმოადგენენ და იქნებიან ამ პროცესის ნაწილი ისევე, როგორც 30-ზე მეტი მედიასაშუალების ასობით წარმომადგენელი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.