ლაშა ბერიძე: რუსეთის ნებისმიერი განცხადება საქართველოსთვის საფრთხის შემცველია

“რუსეთის ნებისმიერი განცხადება საქართველოსთვის საფრთხის შემცველია. ძალზე მიამიტურია ფიქრი, რომ კრემლს ახლა ჩვენთვის არ სცალია. მას ყოველთვის სცალია ჩვენთვის, სულ მზად არის, რომ საქართველოს დასავლური კურსიდან გადაახვევინოს, რადგან ძალიან ვჭირდებით გეოპოლიტიკურად, ეკონომიკურად და მორალურადაც”, – ამის შესახებ სამხედრო ანალიტიკოსი, ლაშა ბერიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, საქართველომ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია უნდა დააჩქაროს.

“სარაკეტო დაბომბვა, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანებაზეა გათვლილი, ომში გარდატეხას ვერ შეიტანს. რასაც რუსეთის ე.წ. მეორე ფაზას უწოდებენ, სინამდვილეში, სადამსჯელო ოპერაციაა და რუსეთის მოსახლეობისთვის არის გათვლილი, ჩვენს წინააღმდეგ მთელი დასავლეთი გაერთიანდა, მაგრამ არ ვმარცხდებითო. ეს აუცილებლად გამოიწვევს უკუშედეგს – უკრაინა უფრო მეტად შეიკვრება მტრის წინააღმდეგ. რაც უფრო აგრესიული იქნება რუსეთი, მით მეტ დახმარებას მიიღებს უკრაინა. მსოფლიო ლიდერები ერთხმად აცხადებენ, რომ მანამდე დაეხმარებიან უკრაინას, სანამ არ გაიმარჯვებს. დაჩქარებული წესით გადაცემული სამხედრო დახმარება ორი სახის შეიარაღებას მოიცავს: სახმელეთო შეიარაღებას, არტილერიას, სხვადასხვა სახის საარტილერიო დანადგარებსა და საბრძოლო მასალას. მნიშვნელოვანია, უკრაინამ სწრაფად შექმნას რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რათა რუსული სარაკეტო დარტყმებისგან მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაიცვას. დახურონ უკრაინის ცა, რაზეც ამდენი ხანია ლაპარაკი. უკრაინას როგორც ტერიტორიულად, ასევე რესურსებით, შეუძლია მეორე ისრაელი გახდეს და მეტად წარმატებულიც. მისი მთავარი პრობლემა ოლიგარქიული რეჟიმი იყო, რაც ასუსტებდა. თუ ეს პრობლემა აღმოიფხვრება, ის ერი დაუმარცხებელია. ვფიქრობ, ოლიგარქებთან ბრძოლა გახდა რუსეთის თავდასხმის მიზეზი, რადგან ქვეყანა რუსული ორბიტისგან გათავისუფლებას ცდილობდა და მისი წარმატება ვერ აიტანა. რუსეთისთვის მეზობელი ქვეყნების განვითარება ტრაგედიაა.

რუსეთი დიპლომატიურად იზოლირებულია. გაეროს ასამბლეაზეც ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში ჩატარებულ რუსულ რეფერენდუმს და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ანექსიას გმობს. ირანისგან გასაკვირი არაფერია, მაგრამ რუსეთის დახმარება ცუდად მიუბრუნდება. ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებია და არც შეწყდება. ირანი ამ ომში რუსეთის მხარეს დგომით უფრო მკაცრ იზოლაციაში მოექცევა. არადა, საერთაშორისო პოლიტიკაში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დაბალანსებას ირანის რესურსებით აპირებდნენ – ენერგორესურსების შესავსებად მისთვის სანქციების შემსუბუქებაზე ლაპარაკობდნენ. ირანისთვის ეს შანსი იყო. ალი ხამენეის რეჟიმმა უარყო, რუსეთისთვის დრონები არ გადაგვიციაო, მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით. მსოფლიო პოლიტიკა მისთვისაც მოიცლის და დაუსჯელი არ დარჩება. რაც შეეხება ბელარუსს, თუ ლუკაშენკო გაბედავს და უკრაინაზე სამხედრო იერიშს მიიტანს, მისი რეჟიმი ამას გადაჰყვება, უკრაინის შეიარაღებული ძალები ძალიან მარტივად შეძლებენ მათ განეიტრალებას. სამხედრო მობილიზაცია ეფექტური რომ იყოს, ქვეყანას მომზადებული სარეზერვო ქვედანაყოფები სჭირდება. რუსეთს კი ყველაზე მეტი პრობლემა ქვეითთა საბრძოლო დანაყოფებში აქვს. რეზერვი ქაღალდზე არაფერს ნიშნავს. ის ისეთივე მომზადებული უნდა იყოს, როგორც ძირითადი ჯარი. ამ ომში რუსეთს 200 ათასამდე სამხედრო სჭირდება, მოუყარა კიდეც თავი, ადამიანი ომისთვის მზად არ არის, ვერ იომებს. წლების განმავლობაში წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი ვიყავი და დიდი გამოცდილება მაქვს. სულ ცოტა, 100 ათასამდე კაცის მომზადებას, ექვსი თვე მაინც სჭირდება. როდესაც ავღანეთის სამშვიდობო მისიაში პროფესიონალურად გაწვრთნილ ბატალიონებს ვგზავნიდით, ნახევარი წლის განმავლობაში ვამზადებდით და დრო მაინც არ გვყოფნიდა. რუსეთის დაბალი სტანდარტებიდან გამომდინარე, ექვსი თვის განმავლობაში­ 200 კი არა, 100 ათასი კაცი პროფესიონალურ დონეზეც რომ მოამზადონ, 20 ათასი ინსტრუქტორი მაინც სჭირდებათ, რომლებიც არ ჰყავთ. არც თანამედროვე ქვეითი ტაქტიკის მიხედვით მოქმედება იციან – კოლონაში შემავალი ჯავშანმანქანებიდან ჩამოსვლისთანავე იკარგებიან, რადგან შემდგომი მოქმედებები არ იციან. იმ 200 000 კაცს ომიდან გაქცეული დეზერტირები ვერ მოამზადებენ. ამიტომაც აქვს რუსეთს ამხელა დანაკარგი. რუსეთი შეცდომებზე არასდროს სწავლობს, ჩეჩნეთის ომში მიღებული გამოცდილებაც არ გაუანალიზებიათ. რეგიონში კონტროლი კი აქვთ, მაგრამ უდიდესი დანაკარგისა და კადიროვის ხარჯზე. ტაქტიკურად და ოპერატიულად საბჭოთა კავშირის ჯარისგან არ განსხვავდებიან. მათი უპირატესობა საჰაერო და სარაკეტო დარტყმებია. რაც შეეხება მობილიზაციას აფხაზეთში, თუ აფხაზებს რუსეთის მხარეს სურთ ბრძოლა და სიკვდილი, ეს ბრიყვული არჩევანი იქნება, მაგრამ მგონია, რომ ოსებისგან განსხვავებით, მათ სწორი არჩევანის გაკეთება შეუძლიათ და დაიწყო კიდეც ლაპარაკი პროქართულ განწყობებზე. საინტერესოა, რას სთავაზობს ქართული მხარე, რადგან ახლა შექმნილი რეალობა უნიკალური შანსია მათ შემოსარიგებლად, ისე, რომ მათი კულტურა, იდენტობა, ღირსება გადარჩეს. აფხაზეთშიც დაიწყეს გააზრება, რომ მხოლოდ ქართულ მხარესთან ერთად გადარჩებიან, რუსეთთან პერსპექტივა არა აქვთ.

ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ამ ომში დამარცხდება, მაგრამ საქართველოსთვის ის ყოველთვის შემოინახავს რესურსს, რომ უკვე მის კონტროლირებად ტერიტორიებზე გავლენა კი არ დაკარგოს, გააძლიეროს. დასუსტებული რუსეთი არ ნიშნავს, რომ მისგან საფრთხეებს არ უნდა ველოდოთ. ამიტომ ქართული მხარე მეტი ძალისხმევით უნდა მუშაობდეს აფხაზებთან და ოსებთან, უხსნიდეს ევროპის სიკეთეებს, საითაც ვისწრაფვით. აფხაზებისგან არის ამის ინტერესი, რადგან რუსეთის ზრახვებს უკვე ჩასწვდნენ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ აფხაზეთის დასახმარებლად, ოღონდ მათი ინტერესების გათვალისწინებით და კიდევ, ანგარიშგასაწევი ძალა უნდა ვიყოთ. იმედია, საქართველოს ხელისუფლებაში მსჯელობენ, აფხაზეთში ანტისამობილიზაციო აქციების დაწყების შემთხვევაში როგორ უნდა ვიმოქმედოთ.

რუსეთის ნებისმიერი განცხადება საქართველოსთვის საფრთხის შემცველია. როდესაც კრემლი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება გონივრულად იქცევა, სინამდვილეში ეს საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის დაწყებაზეა გათვლილი. ყველაფერში მოსინჯავს ნიადაგს, ყველა პროვოკაციულ გზას გამოიყენებს. ძალზე მიამიტურია ფიქრი, რომ კრემლს ახლა ჩვენთვის არ სცალია. მას ყოველთვის სცალია ჩვენთვის, სულ მზად არის, რომ საქართველოს დასავლური კურსიდან გადაახვევინოს, რადგან ძალიან ვჭირდებით გეოპოლიტიკურად, ეკონომიკურად და მორალურადაც. ამიტომ, თუ შესაძლებლობა მიეცა და ხელსაყრელი მომენტი ჩაუვარდა, შეიძლება უკრაინისკენ მიმართული ძალისხმევა ნაწილობრივ ჩვენკენ გადმოიტანოს. აგერ უკრაინა ქალაქ ბელგოროდს უბომბავს, ნაწილობრივი მობილიზაციის გამო რუსეთში პროტესტია, ხალხი ქვეყნიდან გარბის, არმიაში დეზერტირობაა, მოწინააღმდეგეს ტყვედ ბარდებიან – მოკლედ, რუსეთს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ახალგორის მხარეს მავთულხლართების გავლება, მიწის მიტაცება არ ავიწყდება. ამ ყველაფერმა უნდა გვიკარნახოს, რომ საქართველომ უნდა დააჩქაროს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია. კიდევაც რომ დამარცხდეს რუსეთი, ეს საქართველოსთვის, თუ მას დასავლელი პარტნიორების დახმარების მტკიცე ფარი არ ექნება აღმართული, ყოველთვის საფრთხე იქნება”, – აცხადებს ბერიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები