„ემიგრაცია და ლიტერატურული დისკურსი“ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გახსნა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ემიგრაცია და ლიტერატურული დისკურსი“ მონაწილეებს მიესალმა და იმ მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც სხვადასხვა პერიოდის ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს მიუძღვით საქართველოს წინაშე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენციაში, რომელიც თსუ ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა, ასზე მეტი ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს.
ქართული ემიგრაციის წარმომადგენელთა შემოქმედების უფრო ფართო შესწავლაზე გააკეთა აქცენტი მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ.
კონფერენცია, რომელიც თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის ორგანიზებით მიმდინარეობს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერილი პროექტის „ქართული ემიგრაციის ლიტერატურული მემკვიდრეობა ევროპაში: მსოფლმხედველობა და კულტურული იდენტობა (1920-1930-იანი წლები)“ ფარგლებში მიმდინარეობს.
ღონისძიების ფარგლებში, თსუ მუზეუმში გაიმართა ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის მიხაკო წერეთლისადმი მიძღვნილი გამოფენა „შუამდინარული პარადიგმა“, რომელზეც გიორგი გუგუშვილის, ქეთი მატაბელის და ლუკა გუგუშვილის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.