პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში დაბეჭდილი პირველი კრებულის – გაზეთ „ივერიის” 1886 წლის ნომრების სრული კომპლექტის წარდგენა გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში დაბეჭდილი პირველი კრებულის – ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოცემული გაზეთ „ივერიის” 1886 წლის ნომრების სრული კომპლექტის წარდგენა გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, უნიკალური მასალები ფონდ „ქართუსა“ და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გაციფრულდა, აღდგა და ორიგინალის ზომითა და ფორმით დაიბეჭდა.
გამოცემის პრეზენტაციას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
„მინდა, ამ იდეისთვის მადლობა გადავუხადო ეროვნულ ბიბლიოთეკას. ასეთი გამოცემების შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია. “ივერია” ჩვენი საგანძურია. მასთანაა დაკავშირებული XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე დიდი ქართველი მოაზროვნეების სახელები. შეიძლება ითქვას, რომ იგი არის ქართული ცნობიერების, ქართული სიტყვის ანთოლოგია. მადლობას ვუხდი ფონდ “ქართუს“ ამ იდეის მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
პროექტის მიზანია როგორც ბიბლიოთეკის საცავებში დაცული უნიკალური დედნების გადარჩენა, ისე ამ მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პირველი დიდი გამოცემა უკვე გადაეცა ზუგდიდისა და ქუთაისის უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებს. გაზეთ „ივერიის“ „გიგანტური“ ასლი საქართველოს სხვა ბიბლიოთეკების საცავებსაც გაეგზავნება.
პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში ასევე დაგეგმილია XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ქართული პერიოდული გამოცემების „გიგანტური“ ასლების დაბეჭდვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები