ნათია თურნავა SWIFT-ის უმსხვილეს საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს SIBOS-ის ყოველწლიურ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც SWIFT-ის მიერ არის ორგანიზებული და აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების ფინანსური ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

წლევანდელი კონფერენციის ფარგლებში გლობალური ფინანსური სექტორის ლიდერები გადახდების, ფასიანი ქაღალდების, ფინტექის, ფინანსური ხელმისაწვდომობის, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე იმსჯელებენ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რეგულატორების პანელური დისკუსიის – The View from the Top – მთავარი მომხსენებელი იქნება და გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაციის ფონზე საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და ფინანსური სერვისების განვითარებაში ცენტრალური ბანკების როლზე ისაუბრებს. ნათია თურნავა კონფერენციის მონაწილეებს ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობისა და რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივების მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილებას გაუზიარებს.

კონფერენციის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი და დელეგაციის წევრები ფრანკფურტის საფონდო ბირჟას ეწვევიან და სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე Deutsche Borse Group-ის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, კომერციულ ბანკებთან და წამყვან კომპანიებთან. მათ შორის, ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს SWIFT-თან, Murex-თან, Nasdaq Calypso-თან, ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის(CIPS) პრეზიდენტთან, ჩინეთის სამშენებლო ბანკის წარმომადგენლებთან და სხვა წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც ფინანსური ბაზრებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით ლიდერობენ.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხაზარაძე და საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე.

საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს – SIBOS-ს არსებობის 47-წლიანი ისტორია აქვს. ფორუმში ყოველწლიურად ფინანსური ეკოსისტემის ათასობით ბიზნეს ლიდერი, გადაწყვეტილების მიმღები და თემატური ექსპერტი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები