კრემლი რეაგირებს დასავლურ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომლის მიხედვითაც, აშშ უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის შორი დისტანციის რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს,- ამის შესახებ რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, მოსკოვი „დიდი ყურადღებით“ აკვირდება ამ საკითხს და მიიჩნევს, რომ ასეთი გადაწყვეტილება აშშ-ის პირდაპირ ჩართულობად შეიძლება ჩაითვალოს უკრაინის კონფლიქტში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამერიკული მხარე სამიზნეების შერჩევასა და დარტყმების დაგეგმვაში მიიღებს მონაწილეობას.
უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით, კრემლის პრესმდივნის თქმით, აუცილებელია „პოტენციური საფრთხეებისა“ და იმის გაგება, თუ „ვინ იქნება პროცესში ჩართული“.
კრემლში ასევე აღნიშნეს, რომ ახალი ტიპის შეიარაღების შესაძლო მიწოდება საბრძოლო ვითარების არსებითად შეცვლას ვერ შეძლებს, თუმცა რეგიონში უსაფრთხოების რისკებს გაამწვავებს.
„ეს იქნება კიდევ ერთი სახიფათო ესკალაცია და მტკიცებულება იმისა, რომ დასავლეთი პირდაპირ მონაწილეობს საომარ მოქმედებებში რუსეთის წინააღმდეგ. მაშინაც კი, თუ ეს მოხდება, „კიევის რეჟიმისთვის“ ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას არაფერი შეცვლის. არ არსებობს ჯადოსნური იარაღი. იქნება ეს „ტომაჰავკი“, თუ სხვა რაკეტები, ისინი დინამიკის შეცვლას ვერ შეძლებენ”,- განაცხადა პესკოვმა.