ბელარუსელი ვეტერანის გადარჩენის გასაოცარი ისტორია

ადამიანების მამაცი საქციელი ხშირად ჩვენთვის შთამაგონებელი ხდება. ჩვენ ვიმახსოვრებთ ამ ისტორიებს და სხვებსაც ვუამბობთ, ყველაზე მეტად კი, წარმოუდგენელი ისტორიები გვიზიდავს. დღეს ბელარუსელი პარტიზანის, კონსტანტინ კოლიადის ისტორიას მოგიყვებით, რომელიც მიუხედავად დახვრეტისა, მეორე მსოფლიო ომის დროს მალე 100 წლის იუბილეს გადაიხდის.

ეს საოცარი მოხუცი სოფელ ჩელიშევიჩში ცხოვრობს, ბელარუსში. ჟურნალისტები მისი ხშირი სტუმრები არიან, ისინი აღფრთოვანებით ისმენენ მის ისტორიებს.

კონსტანტინი 1924 წლის 21 იანვარს დაიბადა. მან საბჭოთა კავშირის ბევრი მდივანი ნახა, დაწყებული სტალინიდან, დამთავრებული გორბაჩოვით.

მისი ოჯახი ძალიან ღარიბი იყო. მამა ძალიან ახალგაზრდა გარდაეცვალა უბრალო გაციების გამო. დედას ხელში შვილები შერჩა, რომლებიც მარტოს უნდა გამოეკვება, ესწავლებინა, ჩაეცმია, გაეთბო.. ცხადია, ჯერ კიდევ ბიჭობაში კონსტანტინი ქარხანაში წავიდა სამუშაოდ, სადაც მესაქონლე იყო. 16 წლის ასაკში გაემგზავრა მინსკში სამუშაოდ, მაგრამ, ალბათ, უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ ის იქ გაგზავნეს, ვინაიდან უკვე 1940 წელი იყო და არავის ჰქონდა სურვილი თავისი მშობლიური ადგილი დაეტოვებინა. როდესაც კონსტანტინი ომამდელ მინსკს იხსენებს, ამბობს, რომ ის მაშინ ლამაზი იყო.

ახალ ადგილზე კარგად მუშაობდნენ, ნორმაზე მეტს: როცა ახალგაზრდა ხარ, გაცილებით მეტი შემართება გაქვს, ოპტიმიზმი, იმედი… მუშები ქარხნის მიწისქვეშა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ. ასე გაატარეს პირველი ზამთარი და უცებ – ომი. თავიდან არც არავის უნერვიულია, პანიკაც არ შექმნილა, ან რატომ უნდა ენერვიულათ? მაშინ არავინ იცოდა, რა იყო ომი. უფროსმა ბრიგადირმა მაშინ ბიჭებს უთხრა, რომ ნორმაზე მეტი არაფერი გაეკეთებინათ, ვინაიდან არავინ იცოდა, საქმე როგორ შემოტრიალდებოდა. მაგრამ, უკვე ერთი დღის მერე გერმანელები მინსკში შევიდნენ. მაშინვე ყველა მუშა გაათავისუფლეს და საბუთები გაატანეს. ყველა მიმოიფანტა. უფროსი მამაკაცები ფრონტზე გაემგზავრნენ, სხვები კი, სახლებში წავიდნენ, მათ შორის, კონსტანტინიც. სოფელ-სოფელ სახლისკენ მიდიოდა. ორდღენახევარში მან სახლამდეც მიაღწია. გზად გერმანელები არ შეხვედრია, მაგრამ ბომბების ხმები ისმოდა. მის მშობლიურ სოფელში გერმანელები დიდხანს არ გაჩერებულან, მაგრამ იმდენი პოლიციის ოფიცერი იყო, რომ მათთან ერთად იქ გაჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც მოხუცი იხსენებს, ოფიცრებმა თვალი მის ველოსიპედს დაადგეს და იმუქრებოდნენ, თუ მათ არ მისცემდა, სახლს დაუწვავდნენ, სადაც მისი დედა იყო, შვილებით.

სახლში დაბრუნებიდან ცოტა ხანში მან გაიგო, რომ იქმნებოდა პარტიზანების დანაყოფი. ახალგაზრდა დანაყოფს შეუერთდა ისევე, როგორც სხვა მისი თანასოფლელები.

დავალებები სხვადასხვაგვარი იყო: ხან აფეთქებების ოპერაციები, ხან – დაზვერვა. ზუსტად უკრაინელმა და ბელარუსელმა პარტიზანებმა შეასრულეს ერთ-ერთი საკვანძო როლი 1943 წელს, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც „რელსების ომი“. ზუსტად მაშინ, როდესაც გერმანელები უკვე პოზიციებს თმობდნენ, მტერმა ყველაფრის ნგრევა დაიწყო და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინა მოწინააღმდეგისთვის.  გერმანელების რისხვის ქვეშ კონსტანტინიც მოხვდა…

დანაყოფს მისცეს ბრძანება – ეპოვათ ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანათ. ამ დავალებისთვის ოთხი მოხალისე გამოყვეს. როდესაც მათ თავიანთი დავალება კარგად შეასრულეს, ამ ადამიანების ბედი კონსტანტინს ჩააბარეს, ვინაიდან ის ადგილობრივი იყო და კარგად იცნობდა არემარეს. მან გადაწყვიტა, ადგილზე გაეტარებინა ღამე, ხოლო დილით სახლში წავიდა საჭმელად. როდესაც ადგილზე დაბრუნდა, დაინახა, რომ გერმანელებმა ცხენებით მის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ ხალხს ალყა შემოარტყეს. ერთ-ერთ ბიჭუნას შეეშინდა და გაიქცა, ხოლო გერმანელებმა ის ავტომატების სროლით გააჩერეს.

გერმანელებმა ისინი ცხვრების ფარასავით გარეკეს უცნობ ადგილას. რაღაც დროის შემდეგ გაჩერდნენ. ერთ-ერთმა მთავარსარდალმა თითით მიანიშნა კოლიადზე, თავისთან მოიხმო და გაჩხრიკა. როდესაც ვერაფერი უპოვა, უთხრა, თავისუფალი ხარ, წადიო. შემდეგ გერმანელმა იარაღი ამოიღო და ესროლა. ყველამ იფიქრა, რომ საწყალი დაიღუპა, მაგრამ თოვლში და სისხლის გუბეში დიდი ხნის წოლის შემდეგ ის გამოფხიზლდა. ფეხზე წამოდგა, რაღაც ჯოხი იპოვა და იმ მხარეს წავიდა, სადაც, სავარაუდოდ, ხალხი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით ის შეამჩნიეს მოხუცმა ქალებმა, რომლებმაც ჭრილობა შეუხვიეს და უვლიდნენ.
ექიმების დასკვნა იყო შემდეგნაირი: ტყვია თავში მოხვდა და ცხვირის გავლით, გარეთ გამოვიდა. ეს მედიცინის თვალსაზრისითაც გასაოცარი ამბავია.

გმირის შემდგომი ცხოვრება ძალიან ჩვეულებრივი იყო. ჯარში ბიჭი არ წაიყვანეს, ვინაიდან იმ შემთხვევის შემდეგ ინვალიდობის სტატუსი მიიღო. კონსტანტინს არ ესმის, ეს რატომ მოხდა, ვინაიდან მას არანაირი დარღვევა არ ჰქონდა. ჯარის მაგივრად, ის ავტოსკოლაში წავიდა და მძღოლობა ისწავლა, თავისი საქმის პროფესიონალი გახდა, ხოლო მანქანებისადმი სიყვარული მოხუცებულობამდე გაჰყვა.
კონსტანტინი ყოველთვის ძალიან პასუხისმგებლობიანი თანამშრომელი იყო. შემდეგ ხელმძღვანელიც გახდა, იყო ინსპექტორიც. სკოლაში შრომის მასწავლებლადაც იმუშავა. მან საკუთარი ხელით ააშენა სახლი და ცოლთან ერთად, შვილებს ზრდიდა. ახლა მოხუცი ბაბუა უკვე შვილიშვილებზე ზრუნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები