იოკოს დღიური — 13 წლის გოგონა, რომლის ხმაც ომმა გააჩუმა

იოკო მორივაკი დაიბადა 1932 წლის 7 ივნისს. მისი ბავშვობა იაპონიის ულამაზეს კუნძულ მიიაჯიმაზე (დღევანდელი იცუკუშიმა) გადიოდა. 1945 წლისთვის, როდესაც ომი პიკს აღწევდა, მისი ცხოვრება, ისევე როგორც სხვა იაპონელი ბავშვების, რადიკალურად შეიცვალა. იოკოს მამა, ატარუ მორივაკი, ჯარში იყო გაწვეული, რამაც ოჯახს დიდი ტვირთი დააკისრა.

1945 წლის 6 აპრილს იოკო ჩაირიცხა ჰიროსიმას პირველ პრეფექტურულ გოგონათა უმაღლეს სკოლაში. ეს იყო პრესტიჟული სასწავლებელი, რომელში მოხვედრაც ნებისმიერი გოგონასთვის დიდი პატივი გახლდათ. სწორედ ამ დღეს, სკოლის დავალებით, იოკომ დღიურის წერა დაიწყო. დღიური მისი შინაგანი სამყაროს ანარეკლად იქცა. პირველი ჩანაწერები აღწერს ბავშვის სიხარულს, მონდომებას სწავლაში, მუსიკის გაკვეთილებსა და მეგობრებთან ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ იოკო ცდილობდა, თავისი ცხოვრება ჩვეული რიტმით გაეგრძელებინა, მის დღიურში უკვე იგრძნობოდა ომის შემოჭრა. ის წერდა საკვების სიმწირეზე, მუდმივ შიშზე საჰაერო განგაშების დროს და იმაზეც კი, თუ როგორ გამოიყენებოდა სასუქად ადამიანის ექსკრემენტები.

დღიურის შუა პერიოდის ჩანაწერები ყველაზე მძაფრად ასახავს ომის ტვირთს მოზარდებზე. რესურსების ნაკლებობის გამო, იაპონიის ხელისუფლებამ 12 წელს გადაცილებული ბავშვები „შრომითი მობილიზაციის“ პროგრამაში ჩართო. ეს არ იყო უბრალო დახმარება – ეს წარმოადგენდა მძიმე, ზოგჯერ სახიფათო სამუშაოს, რომელიც მათ ზრდასრულების მსგავსად უნდა შეესრულებინათ.

იოკო მორივაკი, ისევე როგორც მისი თანაკლასელები, რეგულარულად მუშაობდა ჰიროსიმაში. მათ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შენობების დემონტაჟი და დაშლა ევალებოდათ. მთავრობა ცდილობდა, შეექმნათ ფართო, თავისუფალი სივრცეები, ე.წ. „ცეცხლისგან დამცავი ზოლები“, რაც ხელს შეუშლიდა ხანძრის სწრაფად გავრცელებას მოსალოდნელი დაბომბვის შემთხვევაში. ეს შრომა დამქანცველი იყო. დღიურის ჩანაწერებიდან ჩანს, რომ იოკო ხშირად განიცდიდა ფიზიკურ დაღლილობას და შიმშილს, მაგრამ მისი პატრიოტული აღზრდა და მოვალეობის გრძნობა არ აძლევდა უფლებას, დანებებულიყო. ის დღიურში საკუთარ თავს სამხედროებს ადარებდა და აღნიშნავდა, რომ მასაც უნდა გაეკეთებინა რაღაც სამშობლოსთვის.

იოკო მორივაკის ცხოვრება და მისი დღიური ერთი ფრაზით წყდება, რომელიც დათარიღებულია 1945 წლის 5 აგვისტოთი. ეს ჩანაწერი მისი ცხოვრების ბოლო დღეს ეხება:

„დღეს სახლში ვმუშაობდი. ხვალ დილიდან შენობების დაშლის სამუშაოებში ვმონაწილეობთ. ვეცდები, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთო.“

ეს ფრაზა, რომელიც 13 წლის გოგონას მონდომებას გამოხატავს, იმ უდანაშაულო მოქალაქეების ბედის სიმბოლო გახდა, რომლებიც ომის სისასტიკეს შეეწირნენ.

ჩანაწერიდან მეორე დღეს, 1945 წლის 6 აგვისტოს იოკო მორივაკი იმყოფებოდა დემონტაჟის სამუშაოებზე იმ რაიონში, რომელიც ატომური ბომბის აფეთქების ეპიცენტრიდან, დაახლოებით, 700-800 მეტრში მდებარეობდა. როდესაც ბომბი ჩამოვარდა, იოკო სერიოზულად დაშავდა და მძიმე დამწვრობები მიიღო. ის სასიკვდილოდ დაიჭრა და იმავე საღამოს გარდაიცვალა. ამ ტრაგედიის დროს მისი სკოლის, თითქმის, მთელი მოსწავლეთა რაზმი და მასწავლებლები დაიღუპნენ.

გადარჩა მისი დღიური, რომელიც სახლში ინახებოდა. წლების შემდეგ, იოკოს უფროსმა ნახევარძმამ, კოჯი ჰოსოკავამ (რომელიც ატომურ დაბომბვას გადაურჩა), რვეული იპოვა. კოჯისთვის დღიური მისი დის სიცოცხლის ერთადერთი ფიზიკური დასტური გახლდათ. დღიურის ბოლო ჩანაწერის შემდეგ, ცარიელ ფურცელზე, მოგვიანებით იოკოს მამამ, ატარუ მორივაკიმ, რომელმაც შვილის დაღუპვის ამბავი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეიტყო, დაწერა: „ღმერთო, მიეცი იოკოს სულს სიმშვიდე.“

იოკო მორივაკის დღიურმა საზოგადოებრივი აღიარება მოიპოვა, როდესაც ის კოჯი ჰოსოკავამ 1996 წელს გამოსცა. წიგნი მალევე გახდა იაპონური სასკოლო სახელმძღვანელოების ნაწილი და გამოიცა მრავალ ენაზე (მათ შორის, ინგლისურად 2013 წელს, სახელწოდებით — Yoko’s Diary). დასავლურ სამყაროში მას ხშირად ადარებენ ანა ფრანკის დღიურს, რადგან ორივე დოკუმენტი უდანაშაულო ბავშვის თვალით მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომის განუზომელ სისასტიკეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები