სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული.
„ამოღებული ელექტრომოწყობილობების და სხვა ნივთების, მათ შორის, მათი წარმომავლობის შესწავლის შემდეგ გამოიკითხებიან და სამართლებრივი შეფასებებიც მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული“, – განუცხადეს „კვირას“ უწყებაში.
ცნობისთვის, გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ რვა პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები განხორციელდა. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.