,,ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა”,- ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
,,განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და სისხლის სამართლის საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე მსურს საზოგადოებას მივაწოდო შემდეგი ინფორმაცია:
საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს დილის 10 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთდროულად, ჯამში 22 ლოკაციაზე, მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა.
ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის – გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის – ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების/სახლების და პირადი ჩხრეკები.
ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას პერიოდულად, დამატებით მივაწვდით ინფორმაციას”,- განაცხადა გვარაკიძემ.