პროფესიით მოდელიორ-დიზაინერია. თუმცა ამ განხრით არ უმუშავია. ხატვა ბავშვობიდან უყვარდა, და ამ სიყვარულმა მოგვიანებით მაინც თქვა თავისი სიტყვა.
მისი ფერები, გრძნობები, სილამაზე და სიყვარული იმ დიდი სიკეთის საწყისია, რაც ცხოვრებას ალამაზებს და უკეთესობისკენ ცვლის.
„ის, რაც დიდი ხნის მივიწყებული იყო ჩემში… მივაგენი ჩემს ზღაპრულ სამყაროს, სადაც ვარ ბედნიერი… ფერები მანიჭებს დიდ სიამოვნებას. აქ ვარ ლაღი და თავისუფალი“. – მხატვარ რუსკა ბუბუტეიშვილის პერსონა.
– ჩემი ბავშვობა ისევე, როგორც ყველა 90-იანელი ბავშვის, არანაირად არ იყო განსხვავებული… ალბათ აქედან გამომდინარეა ის, რასაც დღეს ვქმნი და რისი გადმოცემაც მინდა… იმ დაკარგული ზღაპრის, რაც 90-იანებში დაგვაკლდა თითოეულ ჩვენგანს.
სწავლა დავიწყე თოიძის სასწავლებელში გავაგრძელე კერძო სასწავლებელში… აკადემია, სამწუხაროდ, ვეღარ მოვასწარი, რაზედაც ძალიან მწყდება გული. სამწუხაროდ, ჩემი განხრით არ მიმუშავია ალბათ იმიტომ, რომ საქართველოში ჭირს, ამ სფეროს მოერგო…
– როგორ მიაგენით თქვენეულ ფერადოვან სამყაროს?
– ვინც მიცნობს, იცის, რომ ვარ პოზიტიური ადამიანი. გაგეცინებათ, მაგრამ მიყვარს ვარდისფერი სათვალით ყურება ცხოვრებაზე. ხატვის დასაწყისში დავიწყე ზღაპრის სერიები, რაც ყველას ძალიან მოსწონდა. მივხვდი, რომ ერთი დიდი ზღაპარი, რომელიც ყველას გაულამაზებდა კერას, მეტად გაუფერადებდა ერთფეროვან რუტინას და თუნდაც ცოტა ხნით დააყენებდა კარგ განწყობაზე, ეს იქნებოდა ჩემთვის ბედნიერება.
– ფერადი, კაშკაშა, ცეცხლოვანი ფერები მოგწონთ…
– ჩემი აზრით, ფერები ქმნის განწყობას. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ნახატმა არ უნდა დაგამძიმოს… პირიქით, უნდა მოგცეს თავისუფლებისა და ბედნიერების შეგრძნება. მე მიყვარს ფერები და ამ ემოციებით ველაპარაკები ჩემი ნამუშევრის თითოეულ მნახველს.
– „სიყვარულის ანგელოზების“ სერია. ყველას თავისი ფერი სიყვარულის ანგელოზი ჰყავს. ყველა ერთმანეთზე მეტად მეფერადება“, – წერთ.
– ზოგადად სიყვარულის ხატვა მიყვარს… სიყვარულის ანგელოზებიც ერთ-ერთია ამ სერიებიდან. ყველას გვაქვს ჩვენი ფერი. ვფიქრობ, ანგელოზებმაც ასე იპოვეს თავიანთი მფლობელები. ისინი შევქმენი იმ ადამიანებისთვის, ვინც იპოვა და დაინახა თავისი ფერი ანგელოზი.
– თუ ხატავთ ანგელოზებს წელიწადის დროების მიხედვით?
– კონკრეტულად ოთხივე დროს რომ მოვარგო, ასეთი მუზა არ მქონია, მაგრამ მყავს შობის ანგელოზებიც.
– ბევრი საინტერესო სახე შექმენით. ვინ არიან პროტოტიპები?
– პროტოტიპს რაც შეეხება, მყავს შვილები, ვისგანაც მოდის ზღვა ინსპირაცია. ასევე მეუღლე, რომელიც ბევრი ნამუშევრის შთაგონებაა. ასევე ის ბავშვური სამყარო,რაც ცხოვრობს ჩემში და ჯერ კიდევ არ გაზრდილა.
– შთაგონება?
– შთაგონებას მაძლევს სიცოცხლის სიყვარული.
– თევზები განსაკუთრებულად ჯადოსნური თქვენთვის…
– ბავშვობაში „მებადური და ოქროს თევზის“ ზღაპარზე ვიყავი შეყვარებული. სულ მჯეროდა, რომ ოქროს თევზს მოაქვს იღბალი. დღესაც ვხატავ ჩემს გონებაში ოქროსფრად მოელვარე თევზებს და მჯერა, რომ მათ შეუძლიათ სურვილების ასრულება.
– ერთი ნამუშევრის ისტორია…
– რა გითხრათ, მაგრამ, ჩემს ნამუშევარს უპოვია ჩემთვის ძალიან ძვირფასი და დასაფასებელი ადამიანები.
– ოჯახი… როგორ გიდგათ მხარში შემოქმედებითი მუშაობისას?
– ძალიან მეხმარებიან. იციან, რომ ეს არის ჩემთვის ძვირფასი საქმე და ყველა თავისებურად მეხმარება. გადანაწილებული მაქვს ისე, რომ ჩემი საქმით არ მოვაკლო დრო ჩემს ოჯახს.– პირველი შემფასებლები?
– პირველი შემფასებელი მეუღლეა, ასევე – ჩემი გოგო.
– რა განცდაა, როცა ნამუშევარი მყიდველთან მიდის?
– ყოველთვის პოზიტივს ვატან ჩემს ნამუშევრებს, როდესაც თავიანთ მფლობელებთან მიდიან. მიყვარს თითოეული, მაგრამ გამართლებაა ალბათ, ყველას გულიანი და თავისნაირი ფერადი მესაკუთრე ხვდება. ამიტომაც არ მწყდება გული.
– გამოფენები… სამომავლო გეგმები.
– გამოფენებში ხშირად არ ვმონაწილეობ, მაგრამ მაქვს გეგმები, რაც სამომავლოდ აუცილებლად განხორციელდება. უახლოეს მომავალში ვგეგმავ, ასევე, პერსონალურ გამოფენას.
დაბოლოს, მიხარია, რომ ჩემმა სამყარომ დიდი მოწონება დაიმსახურა და ჩემი ნამუშევრების ბევრი მფლობელი გახარებული და ბედნიერი მყავს. ვცდილობ, ისედაც მუქი და ჩაბნელებული ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ყველას გავუხალისო და გავუფერადო ცხოვრება.
თამარ შაიშმელაშვილი