პირველი ელექტრონული წერილი — როგორ გაჩნდა ელფოსტა და სიმბოლო „@“

ისტორიას ახსოვს მომენტები, როდესაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო ექსპერიმენტები სამყაროს სამუდამოდ ცვლიდა. ერთ-ერთი ასეთი მომენტი დადგა 1971 წელს, ამერიკაში, კემბრიჯის ლაბორატორიაში, სადაც ინჟინერი რეი ტომლინსონი მუშაობდა. იმ დროს კომპიუტერები კვლავ გიგანტური მანქანები იყვნენ, ინტერნეტი კი – მხოლოდ სამხედრო-სამეცნიერო პროექტის, ARPANET-ის სახით არსებობდა. ეს ქსელი უკვე აკავშირებდა სხვადასხვა კომპიუტერს, მაგრამ შეტყობინებების გაგზავნა მხოლოდ ერთი და იმავე სერვერის მომხმარებლებს შორის იყო შესაძლებელი. ტომლინსონი მუშაობდა პროგრამაზე, რომელიც ფაილების გადაგზავნას უზრუნველყოფდა. სწორედ ამ პროცესში მას გენიალური იდეა დაებადა.

ტომლინსონმა აიღო ორი პროგრამა: SNDMSG (შეტყობინების ლოკალურად გაგზავნის პროგრამა) და CPYNET (ფაილის გადაცემის ექსპერიმენტული პროგრამა) და მათ ერთი ფუნქცია შესძინა – გაეგზავნა შეტყობინება მომხმარებლისთვის, რომელიც სხვა მოწყობილობით სარგებლობდა. იდეა მშვენიერი იყო, მაგრამ ახალი პრობლემა გაჩნდა: როგორ უნდა გაერჩია სისტემას, რომ შეტყობინება კონკრეტულ მომხმარებელს კონკრეტულ კომპიუტერზე გაეგზავნა? ანუ, საჭირო იყო გზამკვლევი, რომელიც განაცალკევებდა „ვის“ (მომხმარებლის სახელი) და „სად“ (კომპიუტერის ან სერვერის მისამართი).

ტომლინსონმა კლავიატურაზე მიმოიხედა. მას სჭირდებოდა სიმბოლო, რომელიც: 1 — უკვე არსებობდა სტანდარტულ ტელეტაიპის კლავიატურაზე და 2 — არ გამოიყენებოდა მომხმარებლის სახელში, კომპიუტერის სახელში ან სხვა რაიმე ფუნქციისთვის, რათა თავიდან აეცილებინა გაუგებრობა. მისი არჩევანი შეჩერდა სიმბოლოზე: „@“. ტომლინსონმა ეს სიმბოლო აირჩია, რადგან ის ინგლისურში სიტყვა „at“-ის (მდებარეობა) მნიშვნელობით გამოიყენებოდა და იდეალურად ასახავდა არსს: „(user @ host). ამრიგად, მან შექმნა ელფოსტის მისამართის ის ფორმატი, რომელსაც დღესაც მილიარდობით ადამიანი იყენებს.

თავად ტომლინსონი იხსენებდა, რომ ექსპერიმენტი იმდენად უმნიშვნელოდ მიაჩნდა, რომ არც კი ახსოვდა ზუსტი თარიღი და შეტყობინების შინაარსი. გადმოცემით, პირველი გაგზავნილი ტექსტი შესაძლოა ყოფილიყო კლავიატურის ზედა რიგი: „QWERTYUIOP“ ან რაიმე მსგავსი სატესტო ფრაზა. ეს შეტყობინება  გაიგზავნა ორ გვერდიგვერდ მდგარ კომპიუტერს შორის. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შეტყობინება წარმატებით გადავიდა სხვადასხვა კომპიუტერის (უხეშად რომ ვთქვათ, სერვერის) მომხმარებლებს შორის. ტომლინსონის ამ „უმნიშვნელო ექსპერიმენტმა“ ციფრული კომუნიკაციის ეპოქა შექმნა. ელფოსტა იქცა გლობალური ბიზნესის, განათლების, პოლიტიკისა და პირადი ურთიერთობების ქვაკუთხედად. დღეს, როდესაც ვინმეს ელექტრონულ წერილს ვუგზავნით, ჩვენ ვიყენებთ ფორმატს, რომელიც ინჟინერმა რეი ტომლინსონმა შემთხვევითი არჩევანით, 50 წელზე მეტი ხნის წინ, ერთ პატარა ლაბორატორიაში შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები