მყისიერი გადახდები არის ერთ-ერთი ახალი და ალტერნატიული მეთოდი ეროვნულ ვალუტაში გადახდების ოპერაციის განსახორციელებლად, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკთან მყისიერი გადახდების პროექტის რეალიზაცია უკავშირდება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებას დანერგოს მყისიერი გადახდების სისტემა, რაც გაამარტივებს გადახდებისა და ტრანზაქციების განხორციელებას ქვეყანაში.
„საქართველოს დელეგაციის ვაშინგტონში International Monetary Fund-სა და World Bank-ის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად განხილული იყო მყისიერი გადახდების სისტემის უკვე მომავალი წლიდან ამოქმედების საკითხი, რაზეც კომენტარი სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გააკეთა.
მოგეხსენებათ, ამ თემაზე ცოტა ხნის წინ ექსპერტთა ნაწილის მხრიდან ერთი აურზაური ატყდა, თითქოს იგი არის VISA-MASTERCARD-ის ალტერნატივა და უკავშირდება მათ ქვეყნიდან გასვლას საქართველოს საფინანსო სექტორის მოსალოდნელი დასანქცირებიდან გამომდინარე.
მიმაჩნია, რომ ეს იყო ოპოზიციურად განწყობილი საექსპერტო საზოგადოების მხრიდან მორიგი ტყუილი გამიზნული ქვეყნის მოსახლეობაში და ბიზნეს სუბიექტებში ნეგატიური მოლოდინების პროვოცირებისათვის.
ამ დროს ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს მსოფლიო ბანკთან ერთად, ქვეყნის საგადახდო სისტემის ინტერნაციონალიზაციის, სწრაფი გადახდების კიდევ უფრო გამარტივების და ბიზნესის მხარდასაჭერად.
ნიშანდობლივია, რომ ახალი საგადასახადო სისტემა ევროს ერთიანი საგადახდო სივრცის (SEPA) სქემებთან თავსებადი იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს SEPA გეოგრაფიულ არეალში საქართველოს გაწევრიანების შემდეგ განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის სისტემის ევროპულ საგადახდო სისტემასთან ინტეგრაცია და ევროკავშირში გაწევრიანების ფორმატში უნდა განვიხილოთ.
აქვე აღვნიშნავ, რომ VISA-MASTERCARD-ი არის უალტერნატივო საგადასახადო სისტემა, არის საბარათე გადახდები, რომელიც ტრანზაქციების 90%-ზე მეტს შეადგენს. მყისიერი გადახდები კი არის ერთ-ერთი ახალი და ალტერნატიული მეთოდი ეროვნულ ვალუტაში გადახდების ოპერაციის განსახორციელებლად. უფრო მეტიც ვიზა და მასტერ ქარდი ეხმარება ეროვნულ ბანკს მყისიერი საგადახდო სისტემის დანერგვაში.
ამასთან, მსოფლიო ბანკთან მყისიერი გადახდების პროექტის რეალიზაცია უკავშირდება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებას დანერგოს მყისიერი გადახდების სისტემა, რაც გაამარტივებს გადახდებისა და ტრანზაქციების განხორციელებას ქვეყანაში. მყისიერი გადახდების სისტემები VISA-MASTERCARD-თან ერთად წარმოადგენს ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებად საფინანსო სისტემებს.
აქედან გამომდინარე, მყისიერი გადახდები არის საერთაშორისოდ დანერგილი საგადასახადო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ფულადი სახსრების 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში ხელმისაწვდომობას. მათ შორის, ინფორმაციის ნახვას და გადახდების წარმოებას ისე, რომ არ იყო დამოკიდებული რომელიმე ერთ კონკრეტულ საბანკო სექტორზე, ან თუნდაც VISA-MASTERCARD-ზე.
მყისიერი გადახდის სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რადგან მისი დამატებითი უპირატესობა არის გადახდის მოთხოვნის (Request to Pay (RTP)) შეტყობინებების დამუშავების ფუნქციონალი, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მოითხოვოს გადახდა გადამხდელისაგან. მაგ. ელექტრონული კომერციის ობიექტი გაუგზავნის მომხმარებელს გადახდის მოთხოვნას, მას შემდეგ რაც მომხმარებელი გააკეთებს შეკვეთას. შესაძლებელია გადახდის მოთხოვნა შეიცავდეს ინვოისსაც. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გადამხდელს შეუძლია დაადასტუროს, ან უარყოს მოთხოვნა, ხოლო გადახდის პროცესი იწყება გადახდის მეთოდის შერჩევით, ახლა გსურთ გადახდა თუ მოგვიანებით. მყისიერი გადახდა კი ხორციელდება თუ გადამხდელმა დაადასტურა გადახდის მოთხოვნა, თუმცა სავაჭრო ობიექტებში, ან ელ. კომერციის ვებგვერდზე გადახდა განხორციელდება დაუყოვნებელი გადახდის რეჟიმშიც.
მიმაჩნია, რომ ამ სისტემის შემოღება გაამარტივებს რა გადახდებისა და ტრანზაქციების განხორციელებას, გარკვეულწილად კონკურენციას გაუწევს VISA- MASTERCARD-ს, რაც ბიზნეს და მომხმარებლებს მხოლოდ ფინანსურ სარგებელს მოუტანს, რადგან საკომისიო გადასახადები ნაკლები იქნება“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.