25 წელი ბნელ ოთახში — ბლანშ მონიე, რომელიც საკუთარმა დედამ სახლში გამოკეტა

ბლანშ მონიეს ისტორია ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი და ტრაგიკულია კრიმინალური ქრონიკების ისტორიაში. ეს არ არის ლეგენდა – ეს გახლავთ საფრანგეთში მომხდარი რეალური ამბავი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა.

ისტორია XIX საუკუნეში, ქალაქ პუატიეში დაიწყო. 1849 წელს დაბადებული ბლანშ მონიე მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი ოჯახის ქალიშვილი გახლდათ. მონიეების ოჯახს, მადამ ლუიზა მონიეს მეთაურობით, სიკეთითა და ქველმოქმედებით იცნობდნენ.

ახალგაზრდა ბლანში საოცარი სილამაზით გამოირჩეოდა, იყო მხიარული და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. თუმცა, ოჯახი, რომელიც სოციალური სტატუსის კიდევ უფრო ამაღლებას ცდილობდა, მას მდიდარ არისტოკრატზე გათხოვებას უპირებდა. 25 წლის ასაკში ბლანშს შეუყვარდა მისთვის შეუფერებელი მამაკაცი – ასაკოვანი, გაკოტრებული, მაგრამ პატიოსანი ადვოკატი. ამ ურთიერთობას მკაცრად ეწინააღმდეგებოდა დედა, ლუიზა მონიე, რომელიც ქალიშვილს ემუქრებოდა, რომ თუ არჩევანს არ შეცვლიდა, ოთახში გამოკეტავდა.

როდესაც ბლანშმა უარი არ თქვა საყვარელ ადამიანზე, დედამ მუქარა შეასრულა. 1876 წელს ბლანშ მონიე საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდა. დედამ და ძმა – მარსელ მონიემ, ყველას უთხრეს, რომ ბლანში უბრალოდ გაქრა, გაიქცა ან სამოგზაუროდ წავიდა. მათ, გარკვეული პერიოდი, გლოვის ნიშნად შავი ტანსაცმელიც კი ეცვათ. დროთა განმავლობაში ახალგაზრდა ქალი ყველას დაავიწყდა.

25 წლის შემდეგ, 1901 წლის 23 მაისს პარიზის პროკურატურამ მიიღო ანონიმური წერილი. წერილში ეწერა:

ბატონო გენერალურო პროკურორო: მე მაქვს პატივი, გაცნობოთ განსაკუთრებულად სერიოზული შემთხვევის შესახებ. საუბარია ადამიანზე, რომელიც მადამ მონიეს სახლში არის გამოკეტილი, ნახევრად შიმშილობს და ბოლო ოცდახუთი წელია, ნაგავსა და სიბინძურეში ცხოვრობს.

თავდაპირველად ეს ამბავი დაუჯერებლად მიიჩნიეს, რადგან მონიეების ოჯახი უნაკლო რეპუტაციით სარგებლობდა. თუმცა, პოლიცია სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად მაინც მივიდა.

დიდი წინააღმდეგობის შემდეგ, სამართალდამცველებმა სახლის ზედა სართულზე იპოვეს ჩაკეტილი ოთახი, საიდანაც აუტანელი, საშინელი სუნი გამოდიოდა. კარის გატეხვის შემდეგ პოლიციელები გაოგნებულები დარჩნენ:

ოთახში სრული სიბნელე იდგა, ფანჯარა გარედან იყო გადაკეტილი. დამპალ, ჩალის ლეიბზე შიშველი, გაძვალტყავებული ქალი იწვა. მისი სხეული და ოთახი დაფარული იყო ექსკრემენტებითა და გახრწნილი საჭმლის ნარჩენებით. ყველგან მწერები და ვირთხები იყვნენ.

გამოფიტული ქალი, რომელიც 25 კილოგრამს ძლივს იწონიდა, 52 წლის ბლანშ მონიე აღმოჩნდა. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმებმა დაადგინეს, რომ ამ ხნის განმავლობაში, მას არ უნახავს მზის სინათლე, რამაც ქალის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა შეუქცევად დეგრადაციამდე მიიყვანა. ბლანშს დაუდგინდა ანორექსია, შიზოფრენია და სხვა დარღვევები.

მადამ ლუიზა მონიე დააპატიმრეს, თუმცა მან დაკავებიდან 15 დღეში გულის შეტევით ციხეში დაასრულა სიცოცხლე. ბლანშის ძმამ, მარსელ მონიემ, რომელიც ასევე მონაწილეობდა დატყვევებაში, თავდაპირველად მიიღო სასჯელი, მაგრამ მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა.

რაც შეეხება ბლანშ მონიეს, ის სიცოცხლის ბოლომდე დარჩა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც 1913 წელს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები