ნიუ-იორკის ცეცხლოვანი ტრაგედია — ხანძარი, რომელმაც შრომითი უფლებები შეცვალა
1911 წლის 25 მარტი ჩვეულებრივი სამუშაო შაბათი იყო ნიუ-იორკის გულში, გრინვიჩ ვილიჯის უბანში. Asch Building-ის მეცხრე და მეათე სართულებზე, ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამკერვალო ქარხანაში, Triangle Shirtwaist Factory-ში ასობით ახალგაზრდა ქალი მუშაობდა. მათი უმეტესობა ემიგრანტი იყო — იტალიიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან… ქარხანა ამზადებდა მოდურ, იაფფასიან ბლუზებს, რომლებიც იმ დროის ამერიკაში განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო. ქალი მუშები ყოველდღე, დაახლოებით, თორმეტ საათს ატარებდნენ ცუდად განიავებულ, გადატენილ ოთახებში, სადაც იატაკზე დაყრილი ქსოვილების ნარჩენები და მტვერი ჰაერში ტრიალებდა.
ქარხანა ეკუთვნოდა ორ ბიზნესმენს — მაქს ბლანკსა და აიზაკ ჰარისს. ისინი გამორჩეულად მკაცრ მენეჯერებად ითვლებოდნენ. თანამშრომლებს კარს შიგნიდან უკეტავდნენ, რათა არავინ გასულიყო შესვენებაზე ან არ წაეღო ნაჭერი, რომელიც „მფლობელების საკუთრებად“ მიიჩნეოდა. იმ პერიოდში მსგავსი პრაქტიკა კანონით არ იკრძალებოდა, ამიტომ ამაში არც ერთი ინსტიტუცია არ ერეოდა. ქალები მუშაობდნენ დაბალ ანაზღაურებაზე და მათთვის ეს იყო ერთადერთი საარსებო წყარო.
საღამოს 4 საათის შემდეგ მეცხრე სართულზე, ერთ-ერთ სამუშაო მაგიდასთან, იატაკზე დაგროვილ ქსოვილის ნარჩენებში გაჩნდა პატარა ნაპერწკალი — სავარაუდოდ, სიგარეტის ჩაუმქრალი ნამწვავისგან. ხანძარი წამებში გავრცელდა. ქარხანაში არ არსებობდა არც სახანძრო მილი, არც წყლის სისტემა, არც გამართული ცეცხლმაქრები. ცეცხლი სწრაფად მოედო ნაჭრებით სავსე ოთახებს. მუშებმა სცადეს გაქცევა, მაგრამ გასასვლელი კარი ჩაკეტილი იყო. ერთი პატარა კიბე, რომელიც დანარჩენ სართულებს აკავშირებდა, მალე მთლიანად მოიცვა ალმა. ვინც ვერ მიაღწია სახურავამდე, იძულებული გახდა, ფანჯრებიდან გადმოხტომით ეცადა გადარჩენა.
ქუჩაში შეკრებილი ხალხი საკუთარი თვალით ხედავდა ამ საშინელებას. ახალგაზრდა გოგონები — ზოგი 15–16 წლისაც კი — ცეცხლმოდებული სართულებიდან ქვემოთ ხტებოდნენ; ზოგი ერთმანეთს ეჭიდებოდა, თითქოს, ბოლო წამამდე არ სურდათ განშორება. სახანძრო ბრიგადამ ოპერაცია დაიწყო, მაგრამ მათი კიბეები მხოლოდ მეექვსე სართულამდე სწვდებოდა მაშინ, როდესაც ცეცხლს უკვე მოეცვა მეცხრე და მეათე სართულები. ხანძარი სულ 18 წუთს გაგრძელდა, მაგრამ ამ მცირე დროში დაიღუპა 146 ადამიანი — მათგან 123 ქალი და 23 მამაკაცი. ყველაზე პატარა მსხვერპლი სულ რაღაც 14 წლის იყო.
ტრაგედიამ მთელი ნიუ-იორკი შოკში ჩააგდო. ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა სამგლოვიარო მსვლელობაზე, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი უდიდესი დემონსტრაცია მუშათა უფლებების მხარდასაჭერად. საზოგადოება პასუხს ითხოვდა: როგორ შეიძლებოდა შუაგულ მანჰეტენზე ადამიანები დამწვარიყვნენ მხოლოდ იმიტომ, რომ კარი ჩაკეტილი იყო?
მფლობელები, მაქს ბლანკი და აიზაკ ჰარისი, სასამართლოს წინაშე წარდგნენ მკვლელობის ბრალდებით, თუმცა საბოლოოდ უდანაშაულოდ ცნეს იმის საფუძველზე, რომ პროკურატურამ ვერ დაამტკიცა, თითქოს, მათ შეგნებულად ჩაეკეტათ კარი. მიუხედავად ამისა, მათი სახელები სამუდამოდ იქცა გულგრილობისა და ადამიანური ღირსების უგულებელყოფის სიმბოლოდ.
„Triangle“-ის ხანძარმა წარმოუდგენელი საზოგადოებრივი ზეწოლა გამოიწვია. ნიუ-იორკის შტატმა ჩამოაყალიბა სპეციალური კომისია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სრულიად ახალ კანონმდებლობას. დამუშავდა უსაფრთხოების წესები, რომლებიც ავალდებულებდა ყველა საწარმოს, ჰქონოდა საკმარისი საევაკუაციო გასასვლელები; კარები, რომლებიც შიგნიდან იღება; სახანძრო მილი; წყლის მარაგი და ხანძრის პრევენციის სისტემები. კანონით განისაზღვრა სამუშაო საათების ზღვარი ქალებისა და მოზარდებისთვისაც. სწორედ ამ ტრაგედიიდან დაიწყო ის რეფორმები, რომლებმაც მოგვიანებით საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შრომის დეპარტამენტის შექმნას და თანამედროვე სამუშაო უსაფრთხოების სტანდარტებს.
ამ ამბავმა მთელ მსოფლიოს შეახსენა, რომ ადამიანური სიცოცხლე არასდროს არ უნდა შეეწიროს ეკონომიკურ სარგებელს. დღეს Asch Building, სადაც ეს ყველაფერი მოხდა, კვლავ დგას. ახლა ის Brown Building-ის სახელითაა ცნობილი და ისტორიულ ძეგლად არის აღიარებული. შენობის ფასადზე დამაგრებულია მემორიალური დაფა იმ 146 ადამიანის სახელით, ვინც 1911 წლის მარტის ცეცხლოვან საღამოს ვერ გადარჩა.