“პური გაძვირდაო, ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყო, ორმა საცხობმა ერთ ასორტიმენტზე ფასი 10 თეთრით მოუმატა”- “პურის მცხობელთა ასოციაცია”
“პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის ორმა წარმოებამ პროდუქტის ერთ ასორტიმენტზე ფასი 10 თეთრით გაზარდა.
როგორც დოლიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა, ფასის ცვლილება მხოლოდ 500-გრამიან, პირველი ხარისხის “ბატონის” ტიპის პურს შეეხო.
“გუშინდელ აჟიოტაჟთან დაკავშირებით გეტყვით, რომ “პური გაძვირდა” – ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყო, ორმა საცხობმა [“იფქლი დიღომი” და “იფქლი გლდანი”] ერთ ასორტიმენტზე ფასი 10 თეთრით მოამატა. ამ 10 თეთრიდან 7 თეთრი მეწარმისაა, სამი თეთრი კი მაღაზიის. ესაა 500-გრამიანი პირველი ხარისხის “ბატონის” ტიპის პური, რომელიც 1 ლარი და 20 თეთრი ღირდა და მას წარმოებამ შვიდი თეთრი დაამატა. ეს ალიაქოთი ამ შვიდ თეთრზე ატყდა, აი, პური გაძვირდაო. ეს სხვა ასორტიმენტებს არ შეხებია.
ამან, რა თქმა უნდა, დომინოს პრინციპი გამოიწვია: არის რამდენიმე მაღაზია, ვინც ეს საკითხი თვითნებურად სხვა ასორტიმენტებზეც გაავრცელა. მე ეს პრეცედენტი მქონდა. ვუთხარი მაღაზიას, ამას რატომ აკეთებთ-მეთქი? საუბარია კერძო, უბნის მაღაზიებზე. თუ ლაპარაკია ქსელურ მაღაზიებზე, იქ ეს საკითხები შედარებით მოწესრიგებულია. რაც შეეხება უბნის, პატარ-პატარა მაღაზიებს, მათზე პასუხისმგებლობას მე ვერ ავიღებ. მინდა, იცოდეთ, რომ პურის ფასი სტაბილურად არ შეცვლილა. თუ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შევადარებთ, პურზე ყველაზე დაბალი ფასი საქართველოშია, მესმის სოციალური გარემოდან გამომდინარე, თითოეული თეთრის მატება მტკივნეული პროცესია. წარმოების აუცილებლობაა ისეთი, რომელიც გადაუდებელია, ისევ იმისთვის, რომ კარგი და გემრიელი პური ვაწარმოოთ”, – განაცხადა დოლიძემ.
მანვე განმარტა, რამ განაპირობა პურზე ფასის 10 თეთრით გაზრდა.
“როგორც გითხარით, ერთ კატეგორიაზე ფასი ორმა წარმოებამ გაზარდა. შემიძლია, ამ წარმოებებში დაგპატიჟოთ, დაათვალიერეთ და ვნახოთ, უმაღლესი დონის, შესანიშნავად მოწყობილი წარმოებებია. მათ ძვირადღირებული დანადგარები აქვთ, საჭიროა მათი მოვლა-პატრონობა, იქ კვალიფიციური მუშახელი უნდა მუშაობდეს, ასევე ხელფასებზეა ლაპარაკი. პურის დარგში საკამოდ დაბალი ანაზღაურებაა. ასევე ლაპარაკია დამაბალანსებელ გადასახადზე [ფქვილზე საიმპორტო გადასახადი]. ჩვენ შეგვეძლო, ფქვილი შესარევად გვეყიდა, ფქვილის ხარისხი გაგვეუმჯობესებინა. დღეს მეწარმეებს ამის საშუალება არ აქვთ, რადგან დამაბალანსებელი გადასახადია, ერთ ტომარაზე ჯერ 10 ლარი დააწესეს, შემდეგ 12.5 ლარი, დღეს კი 15 ლარია, ანუ ტონაზე 300 ლარი. ეს საკმაოდ ძვირადღირებულია. თუ ამ დამაბალანსებელ გადასახადს შეამცირებენ, ეს როგორც მომხმარებლისთვის, ისე წარმოებისთვის ძალიან კარგი იქნება. მიუხედავად ამისა, წარმოებები ცოტ- ცოტას, ფქვილის შესარევად და გასაუმჯობესებლად ამას მაინც ყიდულობდნენ. დღეს, ფქვილს ძირითადად, წისქვილებიდან ვიღებთ. პირველი ხარისხის ფქვილი შარშანდელ ამ პერიოდთან შედარებით 8 ლარითაა გაძვირებული. შარშან 1 ტომარა ფქვილის ფასი 52 ლარი იყო, დღეს 59-60 ლარია. გვინდა, მისი ხარისხი კიდევ უკეთესი იყოს. ესაა ყაზახური ხორბლის და ქართული ხორბლის კუპაჟი, მათ შორის, ალბათ, ცოტა რუსული ხორბლის კუპაჟიცაა. მსოფლიოში ხორბლის ფასების მატების ტენდენციაა, მათ შროის, საქართველოშიც. ხორბალი რომელიც კახეთშია მოწეული, ფერმერებს სურთ, დაახლოებით, 1 ლარად ჩააბარონ”, – განაცხადა დოლიძემ.
დოლიძე არ ელოდება, რომ პურის მწარმოებლები ფასს სხვა კატეგორიის პურზეც გაზრდიან.
“არა, არ მოუმატებენ, მე რამდენადაც გათვითცნობიერებული ვარ. მაგალითად, რაიონებში სიწყნარეა, არავითარი მომატება არ მომხდარა, რა ფასებიც იყო, იმ ფასებზე მუშაობენ. საერთოდ, დღეს ყველა ტიპის წარმოება კერძოა და ქვეყანაში არსებობს “კანონი პურის ლიბერალიზაციის შესახებ”. მეწარმე ფასებში თავისუფალია და რა ფასებშიც ჩაეტევა , იმ ფასს აწესებს, მაგრამ აქ არის ცოტა თვითშეგნებაც და პასუხისმგებლობაც. მაგალითად, ჩვენს ასოციაციაში ეს პასუხისმგებლობა არსებობს. ქვეყანას როგორც სჭირდება და როგორც მოსახლეობისთვისაა მისაღები – ამას ყოველთვის ვითვალისწინებდით. ამიტომ, აქ ამ ხუთ და შვიდ თეთრზე ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა , მე მგონია, ცოტა არამართებულია”- განაცხადა დოლიძემ.