„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის“ ლაურეატი 2022 წელს ზურაბ კიკნაძე გახდა

ილია ჭავჭავაძის 185 წლისადმი მიძღვნილი პროექტი „ილია 185 – თბილისის ცის ქვეშ“, რომელსაც „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“  ახორციელებს თბილისის მერიის მხარდაჭერით, სიმბოლურად ილიას მკვლელობის დღეს – 12 სექტემბერს დაიწყო და 21 სექტემბრამდე გასტანს.
ღონისძიებების პირველ დღეს გაიმართა საჯარო მსვლელობა სიონის ტაძრიდან მთაწმინდის პანთეობამდე, როცა მოქალაქეები სიმბოლურად ფეხით გადიან სწორედ იმ გზას, რა გზითაც ილია უკანასკნელ გზაზე გააცილა საზოგადოებამ.
მთაწმინდის პანთეონში როსტომ ჩხეიძის მხატვრულ-დოკუმენტური პროზის მიხედვით წარმოდგენილი იყო თეატრალიზებული დადგმა – „მუხა უდაბნოში“ და ლიტერატურული ინტერმედია  – „ილია უკრაინულ ენაზე“, უკრაინელი მსახიობის, ნატალია ვარანიუკის შესრულებით.
პროექტის პირველი დღის ბოლოს კი, გაიმართა „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ყოველწლიური ჯილდოს -„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის“ გადაცემის ცერემონია.
„საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის – ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია“,  2022 წელს, მეცნიერს, ორიენტალისტს, ბიბლეისტს, ფოლკლორისტს, ფილოლოგსა და მთარგმნელს – ზურაბ კიკნაძეს გადაეცა.  88 წლის მეცნიერი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პირადად ვერ დაესწრო დაჯილდოების ცერემონიას. პრემია მისმა შვილმა, მუსიკოსმა რეზო კიკნაძემ აიღო, მამის სახელით, მისი ღვაწლის დაფასებისათვის, მადლობა გადაიხადა, ბატონი ზურაბ კიკნაძის გამოგზავნილი ბარათი წაიკითხა, სადაც ილიას მნიშვნელობაზე და მისთვის ამ პრემიის მინიჭებით გამოწვეულ სიამაყეზე საუბრობდა ქართველი მეცნიერი და მოაზროვნე.
პრემიის დაარსების მიზანია საზოგადოების გამორჩეული ღვაწლის მქონე წარმომადგენელთა/ორგანიზაციათა პოპულარიზაცია, წახალისება და სტიმულის მინიჭება; სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან ეროვნული, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის მოტივაციის ამაღლება.
წინა წლებში „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ მინიჭებული აქვთ:
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას (2021);
ილიკო და ნინო სუხიშვილებს (2020);
„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას“ (2019);
როსტომ ჩხეიძეს (2018);
კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს (2017).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები