დავით ნარმანია კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციაში.
სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე. მან დეტალურად ისაუბრა სემეკის მიერ რეგულირებად სექტორებში არსებულ სიახლეებსა და სატარიფო პოლიტიკაზე.
“ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის განვითარება და მომხმარებლის დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს სემეკის საქმიანობაში. კომისია სისტემატურად მუშაობს კანონმდებლობის განახლებაზე, რათა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს და ეფექტიანი გახდეს რეგულირების მექანიზმები. კონფერენციის ფარგლებში მარეგულირებელმა უწყებებმა წარმოვადგინეთ რეგულირებად სექტორებში არსებული გამოწვევები და მათ გადაჭრის გზები. კონფერენცია იძლევა საშუალებას, რომ მოხდეს გამოცდილების გაზიარება და საზოგადოების სწორი ინფორმირება”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
2025 წლის 13-15 ნოემბერს, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, საქართველოში IV საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ღონისძიების ფარგლებში განიხილება – კონკურენციის პოლიტიკის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები. სამდღიანი ღონისძიება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
საერთაშორისო კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება. ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ მსჯელობა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე.
საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის, დარგის ექსპერტების და კოლეგა უწყებების წარმომადგენელთა კონფერენციაში ჩართულობა კიდევ უფრო ზრდის სინერგიას მონაწილეთა შორის. სამართლიანი კონკურენციის პრინციპებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.