ავსტრალიაში მკითხავი დედა–შვილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა სიდნეიში დააკავეს დედა–შვილი, რომელთაც ბრალად ათობით მილიონი დოლარის თაღლითობა ედება,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

პოლიციის ინფორმაციით, 53 წლის ქალი და მისი 25 წლის ქალიშვილი ფინანსურად დაუცველ ადამიანებს არწმუნებდნენ, რომ თუ სესხს აიღებდნენ და თანხის ნაწილს მათ გადასცემდნენ, მალე გამოჩნდებოდა „მილიარდერი“, რომელიც მათ ფინანსურად დაეხმარებოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, „მკითხავად“ წარდგენილი ქალი და მისი შვილი, სავარაუდოდ, ვიეტნამური წარმოშობის მიგრანტების მიმართ ახორციელებდნენ თაღლითურ სქემას. გამოძიების შეფასებით, მათ ამ გზით, დაახლოებით, 46 მილიონი დოლარი მიითვისეს.

დედას 39 ბრალდება წაუყენეს, მათ შორის კრიმინალური დაჯგუფების საქმიანობის ხელმძღვანელობა და მოტყუებით ფინანსური სარგებლის არაკეთილსინდისიერად მიღება.

მის ქალიშვილს ბრალი შვიდი დანაშაულისთვის წაუყენეს, მათ შორის დანაშაულებრივი საქმით მიღებული შემოსავლის გაუფრთხილებლად გამოყენებასა და კრიმინალურ დაჯგუფებაში მონაწილეობაში.

პოლიციის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და შესაძლებელია, საქმეში სხვა პირებიც იყვნენ ჩართულნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები