მახაშვილი – სააკაშვილზე: სახელმწიფომ იმაზე მეტი ყურადღება დაუთმო, იმაზე მეტი რესურსი დახარჯა, იმაზე მეტი ყურადღება მიაქცია, ვიდრე შეიძლება, ეს ადამიანი იმსახურებდა
“ის აქამდე იყო სამკურნალო დაწესებულებაში – გასაგები მიზეზების გამო, იქ იყო და მკურნალობდა”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მახაშვილი „ვივამედიდან“ N12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის გადაყვანის ფაქტს გამოეხმაურა.
„სახელმწიფომ იმაზე მეტი ყურადღება დაუთმო, იმაზე მეტი რესურსი დახარჯა, იმაზე მეტი ყურადღება მიაქცია, ვიდრე შეიძლება, ეს ადამიანი იმსახურებდა, რადგან იგი ასე ვთქვათ, პოლიტიკურ დრამას დგამდა, მაგრამ ის აქამდე მკურნალობდა. როგორც კი დასრულდა მკურნალობა დაბრუნდა საპატიმრო დაწესებულებაში და ეს სწორი გადაწყვეტილებაა. არ შეიძლება, რომელიმე ერთი, ცალკე აღებული პატიმარი, განურჩევლად სახელი-გვარისა, იყო ბევრად უკეთესი მოპყრობის ქვეშ, ვიდრე სხვა პატიმრები“, – განაცხადა მახაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში 12 ნოემბერს დაბრუნდა.
„ვინაიდან მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.