ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში 758 მეტრის სიგრძის ხიდი ჩამოინგრა (ვიდეო)

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, სიჩუანის პროვინციაში, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა და ტიბეტს შორის დამაკავშირებელ ეროვნულ გზატკეცილზე, ცოტა ხნის წინ გახსნილი ხიდის ნაწილი ჩამოინგრა.

როგორც Reuters-ი იუწყება, ამის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მათივე ცნობით, მაერკანგის ქალაქის პოლიციამ ორშაბათს შუადღისას 758 მეტრის სიგრძის ჰონგკის ხიდი ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის ჩაკეტა, მას შემდეგ, რაც ახლომდებარე ფერდობებსა და გზებზე ბზარები გაჩნდა, ხოლო მთის რელიეფზე ძვრები შეინიშნებოდა.

მოგვიანებით მთის ფერდობზე პირობების გაუარესებამ მეწყერი გამოიწვია, რასაც მისასვლელი ხიდისა და გზის ვაკისის ჩამონგრევა მოჰყვა.

კონტრაქტორი კომპანიის, Sichuan Road & Bridge Group-ის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში ნათქვამია, რომ ხიდის მშენებლობა წელს ადრე დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები