დავით უსუფაშვილი: ყველა მხარემ საქმით უნდა დავადასტუროთ, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად მზად ვართ

“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემს ქვეყანას სხვა არჩევანი და გამოსავალი არ აქვს, გარდა ევროინტეგრაციისა”, – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა, დავით უსუფაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პოლიტიკურმა მხარემ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის მზადყოფნა საქმით უნდა დაადასტუროს.

“სწორედ იმიტომ გაჩნდა რიგგარეშე სესიის მოწვევის იდეა, რომ არსებული პრობლემები დაიძლიოს. ჩვენ გვჭირდება ერთად, მაგრამ სწორად გადადგმული ნაბიჯები, რათა დაიძლიოს უნდობლობა. ამისთვის საჭიროა იმ გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება, რომლებიც უკვე ინიცირებულია პარლამენტში და პირველი მოსმენითაც არის მიღებული, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებები. ყველა მხარემ საქმით უნდა დავადასტუროთ, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად მზად ვართ. სამუშაო ჯგუფების შექმნის პარალელურად “ოცნების” ლიდერების აგრესიული რიტორიკა თანამშრომლობას ხელს არ უწყობს. გამოსავალი ერთადერთია – ყველამ უნდა დავიჯეროთ, რომ ნამდვილად გვინდა ევროკავშირის წევრობა. ამ პროცესიდან მოგონილი არგუმენტებით თავის დაღწევა სწორად არ მიმაჩნია. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემს ქვეყანას სხვა არჩევანი და გამოსავალი არ აქვს, გარდა ევროინტეგრაციისა.

ისიც გათავისებული მაქვს, რომ ევროპაში რეალური ინტეგრაციისთვის მხოლოდ დროშის ჩამოკიდება და საქართველოს სახელის მოხვედრა ამა თუ იმ სიაში საკმარისი არ არის. საჭიროა ევროპული სტანდარტების დანერგვა ცხოვრებაში, დაწყებული სასურსათო პროდუქტების უსაფრთხოებით, დამთავრებული პოლიტიკური პროცესების ეფექტიანობით, ანუ იმის გააზრებით, რომ ხელისუფლება ხალხის მსახურია და ვინც ხელისუფლებაში არ არის, ის ხალხის მტერი არ არის. ასევე უნდა გავიაზროთ, რომ მრავალპარტიულობა მრავალი სხვადასხვა აზრის არსებობას ნიშნავს და საწინააღმდეგო აზრის მოსმენისას არ უნდა ვბრაზდებოდეთ. არიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ რუსეთია ჩვენი მხსნელი, ევროპა კი – საფრთხის მომტანი. ვისაც ამის სჯერა, საჯაროდ უნდა თქვას, თვალთმაქცობა დამღუპველია.

ჩვენ წელიწადზე მეტია, ვითხოვდით კომიტეტებში მუშაობას. “ლელომ” და “სტრატეგია აღმაშენებელმა” უკვე შევიტანეთ “მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ” კანონპროექტი, “ლელოს” ასევე შეტანილი აქვს “ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ” კანონპროექტი; გახარიას გუნდს წარმოდგენილი აქვს იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია დასავლეთის რეკომენდაციები. ესე იგი, ყველაფერზე, რასაც ევროკავშირი თავის 12-პუნქტიან გეგმაში გვეუბნება, ჩვენ ნამუშევარი გვაქვს. ეს საკითხები ყოველი ბიუროს სხდომაზე გვაქვს განსახილველად შეტანილი, მაგრამ არაფრად მიიჩნევენ და სხვა ოთახში გვეპატიჟებიან იმავეზე სალაპარაკოდ. პირადად მე სხვა ოთახშიც მივალ, არა მაქვს პრობლემა, მაგრამ უნდა ვიცოდე, თუ ახლა მაინც ნამდვილად აპირებენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. რა აზრი აქვს მათთან ერთად ერთ ოთახში ჯდომას, როდესაც ვხედავ, რომ ყველანაირად ცდილობენ მოსახლეობაში ანტიევროპული განწყობების დანერგვას? შარლ მიშელის დოკუმენტის შექმნამდეც ბევრი შეხვედრა გაიმართა, მაგრამ ბოლოს შეთანხმება გადააგდეს. აი, რა აზრი აქვს ახლა ამათთან ლაპარაკს, დროის ფუჭი კარგვაა და მეტი არაფერი!

“რიგგარეშე სესია და საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა იქნება ის მოქმედება, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს გადავლახოთ “ოცნების” მიმართ უნდობლობა. მხოლოდ პარლამენტის რიგგარეშე სესიაა ერთობლივი მუშაობის მექანიზმი. პარლამენტში არიან თავმოყრილი ბოლო არჩევნების შედეგად გამოვლენილი პოლიტიკური ძალები და ერთობლივი მუშაობაც იქ უნდა იყოს. რა ლოგიკაა იმაში, რასაც მმართველი გუნდი გვეუბნება, სხვაგან დავსხდეთ სამუშაოდ და პარლამენტში თავ-პირი ვამტვრიოთ ერთმანეთსო. რა საჭიროა ცალკე სამუშაო ჯგუფის შექმნა, როდესაც პარლამენტში 16 დარგობრივი კომიტეტია და იქ სწორედ ის საკითხები შედის, რაც 12 პუნქტშია მოცემული. ჯერ სტატუსი მოგვეცით და საკონსტიტუციო ცვლილებებს მერე მივიღებთო, ეს რა ბავშვური ჟინიანობაა?! თუ გასაკეთებელია, ახლავე რატომ არ უნდა გავაკეთოთ, თუ არასწორი რეფორმაა, ჩვენთან ერთად რატომ გააკეთა”ოცნებამ” ამის ინიცირება და რატომ უყარა კენჭი პირველი მოსმენით?!

რაც შეეხება თქვენს კითხვას – “24 ივნისს და 3 ივლისს აქციაზე გამოსული ხალხის პროტესტი რატომ ვერ მართა ოპოზიციამ?” – პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე ერთი საპროტესტო პროცესის ვერწარმართვა. პრობლემა ის არის, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 32 წლის შემდეგაც კი არა გვყავს კომპეტენტური პოლიტიკური ძალები. დიდი უბედურება დაგვემართა, ვერც ერთმა მმართველმა პარტიამ ვერ დააღწია თავი კომუნისტურ გადმონაშთებს და ყველამ საკუთარი თავი წარმოიდგინა ჭეშმარიტების მქადაგებლად. სწორედ ამან ჩაკლა პოლიტიკური პროცესი. შედეგად, პოლიტიკურ პროცესებში ჩართული პირები მცირე ხნით ახერხებენ ერთ გუნდში ყოფნას, შემდეგ იშლებიან მარტივ მამრავლებად და ერთი პარტიიდან 7 იქმნება. მერე ეს 7 და კიდევ სხვა 7 იწყებენ კონსოლიდაციის გზების ძიებას, რათა ოპოზიცია კრიტიკულ მომენტში ერთიანი იყოს. აი, ამ დაშლილების გაერთიანებას მიაქვს ძალიან დიდი დრო, ენერგია და ვართ ერთ უბედურებასა და იმის ცდაში, ვინ ვის მიასწრებს მიკროფონთან.

“ივანიშვილის მართლა წასვლით და “ოცნების” დაშლით პრობლემა არ მოგვარდება, თუ ქვეყანას პროფესიონალებით, კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი არ ჩაიბარებს. თუ მხოლოდ “ოცნების” შეცდომების დანახვით ვიქნებით დაკავებული და საკუთარ პრობლემებს ვერ დავინახავთ, ისევ ძველ წრეზე ვიტრიალებთ. პოლიტიკური კულტურისა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების არარსებობა ზუსტად ამაში ვლინდება. პოლიტიკა ჩოგბურთი არ არის, ინდივიდუალურად რომ ითამაშო. ეს გუნდური პროცესია, ერთი კარგი მეკარე ან თავდამსხმელი ვერაფერს გახდება. თანამოაზრეების გუნდია შესაკვრელი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცებისა და ქალებისაგან და არა ძალაუფლებისთვის ბრძოლებში გაწაფული პირებისგან. ერთსაც გეტყვით – ძალიანაც რომ მოვინდომოთ, დღეს დარგული მსხლის ნერგი ხვალ ნაყოფს ვერ მოგვცემს. ამისთვის რამდენიმე წელია საჭირო. პოლიტიკური პროცესიც ასეა – პოლიტიკური ძალა და ორგანიზაცია უნდა ჩამოყალიბდეს, სანამ ხელისუფლებაზე განაცხადებ პრეტენზიას. ჩვენ კი ყველაფერი ორ დღეში გვინდა”, – აცხადებს უსუფაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები