დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით, საჯარო სექტორის წარმომადგენლებს მოუსმინა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, „განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით” თემატური მოკვლევის ფორმატში საჯარო სექტორის წარმომადგენლებს მოუსმინეს.

„აღნიშნულ საკითხს არ ჭირდება დამატებითი წარდგენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის ნაწილი და ზოგადად, ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკისთვის და ზოგადად, ეკონომიკისთვის. ეს ეხება უსაფრთხოების ნაწილსაც. შესაბამისად, კომიტეტმა პრიორიტეტად მიიჩნია, რომ შესაბამისი მოკვლევა ჩატარებულიყო და შემდეგ, დასმულ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება და კოორდინაცია გაგვეკეთებინა”,- განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საბაზისო ენერგიის წყაროების და დიდი რეზერვუარის ტიპის ჰიდროელექტროსადგურების განვითარება. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საბაზისო ენერგიის წყაროების განვითარება განახლებადი რესურსების გამოყენებით უნდა მოხდეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ენერგეტიკულ სტრატეგიასა და ენერგეტიკის პოლიტიკის შემუშავებაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილიც ენერგეტიკისა და კლიმატის განვითარების გეგმა იქნება. ხაზი გაესვა დოკუმენტის შემუშავებისთვის საყოველთაო კონსენსუსის მნიშვნელობასაც. შეხვედრაზე ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და პროექტებზეც ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საინფორმაციო კამპანიისა და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

„საკომიტეტო მოკვლევის მიზანია არსებული გამოწვევების სწორი კოორდინაციით დაძლევა და მისი შესაძლებლობად ქცევა. ყველა ვთანხმდებით, რომ ენერგეტიკა ერთ-ერთი სტრატეგიული და მნიშვნელოვანი დარგია როგორც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ასევე, საინვესტიციო მიმართულებისთვის. ამიტომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დაამუშავებს რეკომენდაციებს და განისაზღვრება შესრულების ვადები”,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა. თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, თამარ ტალიაშვილი, ეკა სეფაშვილი, მიხეილ დაუშვილი და ბექა ლილუაშვილი შედიან. თემატური მოკვლევა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერითა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები