დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებთან თემატური მოკვლევის შესახებ მოსმენა გამართა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს ორი შეხვედრა გამართა, სადაც კერძო სექტორის და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან „მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში“ თემატური მოკვლევის შესახებ იმსჯელეს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით, საკომიტეტო თემატური მოკვლევა წარმოადგენს საპარლამენტო ზედამხედველობის ახალ, მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას.
„მცირე და საშუალო ბიზნესი არის ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, ასევე ყველაზე დიდი დამსაქმებელია, რომელიც პანდემიიდან გამოწვეული კრიზისის შედეგად ყველაზე უფრო დაზიანებული სექტორია. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მისი სწრაფად აღდგენა. ჩვენი კომიტეტის ფარგლებში, როგორც ეს შესაძლებელია, პროცესში აქტიურად ვართ ჩართულები.
აქედან გამომდინარე კომიტეტმა ზაფხულში დაიწყო თემატური მოკვლევა მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები პოსტპანდემიურ პერიოდში. დღეს მოვუსმინეთ როგორც კერძო სექტორის სხვადასხვა ასოციაციების წარმომადგენლებს, ასევევ საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, სხვადასხვა სამინისტროებსა და სსიპებს, ვინც ფაქტობრივად ფარავს ამ სექტორს და ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებზე, რაც ამ ვითარებაში შეიძლება ჰქონდეს მცირე და საშუალო ბიზნესს. განვიხილეთ როგორ შეიძლება ამაზე მაქსიმალურად სწრაფად რეაგირება. ეს ყველაფერი კი აისახება შესაბამის რეკომენდაციებში, რომელიც აუცილებლად მიეცემა შესაბამის უწყებებს გასათვალისწინებლად“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.
კომიტეტი რამდენიმე თვეა ატარებს თემატურ მოკვლევას კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევების და ხელშეწყობის მექანიზმების შესახებ.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, „შეხვედრაზე ხდება არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია, რომ ამ მოსმენების შედეგად ჩვენ სრული ინფორმაცია გვქონდეს მათ შესახებ რათა დავსახოთ შესაბამისი რეკომენდაციები და თუ საჭირო იქნება, საკანონმდებლო ინიციატივებიც“.
მოკვლევის ტექნიკური პირობები 37 ორგანიზაციას დაეგზავნა, მათ შორის საჯარო უწყებებს, ბიზნეს ასოციაციებს, სავაჭრო პალატებს, საკონსულტაციო – ანალიტიკურ კომპანიებს, უმაღლეს სასწავლებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტებს.
მოკვლევის ფარგლებში კომიტეტმა მონაცემები და წინადადებები მიიღო 22 დაინტერესებული პირისა და ორგანიზაციისგან.
მხარეების მიერ წარმოდგენილ წინადადებებს და რეკომენდაციებს კომიტეტი ასახავს შემაჯამებელ დასკვნაში. მიღებული რეკომენდაციები 2021 წლის ბოლომდე გადაეგზავნება უწყებებს.