ბაკურიანში 60 წლის მეხანძრე-მაშველ ტყუპ ძმებს სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდება გადაეცათ
ბაკურიანის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველებს, ტყუპ ძმებს – ამირან და ავთანდილ წითლანაძეებს, რომლებსაც 60 წელი შეუსრულდათ, 23 სექტემბერს სამსახურში ბოლო სამუშაო დღე ჰქონდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძმები 38 წლის განმავლობაში ერთგულად და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით მსახურობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურში.
მეხანძრე-მაშველებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თემურ მღებრიშვილი ქალაქ ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამმართველოში ესტუმრა, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდება გადასცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაინერგა ახალი ინიციატივა, რომელიც დამსახურებული მეხანძრე-მაშველების სათანადოდ დაფასებასა და სამსახურიდან მათ ღირსეულად გაცილებას ემსახურება.