ირაკლი ქარსელაძე: რიკოთის პირველი 2 კმ-იანი მონაკვეთის გახსნა ისტორიული დღეა საუკუნის პროექტის – რიკოთის მონაკვეთის მშენებლობაში

“გაიხსნა რიკოთის პირველი 2 კმ-იანი მონაკვეთი. ისტორიული დღეა საუკუნის პროექტის – რიკოთის მონაკვეთის მშენებლობაში. ამ 2 კმ-იან მონაკვეთზე გვაქვს 3 გვირაბი და 6 ხიდი და რეალურად ეს არის პირველი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებსათვის შეიგრძნონ უკვე ფიზიკურად, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სტანდარტის მაგისტრალური გზა”, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

რიკოთის მაგისტრალის პირველ, 2 კმ-იან ორ ზოლიან ხევი-უბისას ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა. ამჟამად, მოძრაობა გაიხსნა 2 კმ-იანი 4 ზოლიანი მონაკვეთის 2 ზოლზე (ცალ მიმართულებაზე), ხოლო პარალელურად არსებულ 2-ზოლიანი გზის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.

ახალი გზის მონაკვეთი მოიცავს 6 ხიდსა (სიგრძით: 98 მ; 65 მ; 98 მ; 98 მ; 65 მ და 131 მ) და 3 გვირაბს (სიგრძით: 70 მ; 182მ; 100 მ).

„მოძრაობის გადმორთვის პირობებში, უკვე მეორე 2-ზოლიან მონაკვეთზე ინტენსიურად გაგრძელდება სამუშაოები და მთლიანობაში, პროგრესის გათვალისწინებით, უკვე მომდევნო მონაკვეთების გახსნა გვაქვს დაგეგმილი”, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, სულ აშენდება 51.6 კმ-მდე კმ გზა, 96 ხიდი და 53 გვირაბი. ინტენსიური უკვე სამუშაოები მიმდინარეობს 71 ხიდზე და 47 გვირაბზე, ხოლო 8 გვირაბი უკვე გაჭრილია. შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალის პროექტის 80% აქტიურ სამშენებლო ფაზაშია.

რიკოთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქარონსული მაგისტრალისა და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ჩვენი ქვეყნის ლოჯისტიკურ და სტრანზიტო ჰაბად ფორმირებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა არის საუკუნის პროექტი, რომელიც სრულდება ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით. რიკოთის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გადაადგილების სიჩქარე გაიზრდება და რიგ მონაკვეთებზე თითქმის გაორმაგდება.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ექნება. ასეთი სავაჭრო მეოდნები მოეწყობა სურამში, შროშასა და ზესტაფონში.

COVID 19-ის გამოწვევის მიუხედავად, რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები არ გაჩერებულა და მათი პროგრესი შენარჩუნებულია. რიკოთის პროექტებზე ამჟამად დასაქმებულია 4000-ზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა 68% საქართველოს მოქალაქეა.

ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის 732 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები