არჩილ თალაკვაძე: “ნამოხვანჰესის” საწინააღმდეგო პროტესტის ორგანიზატორებს მოვუწოდებ, მიიღონ მონაწილეობა დიალოგის ფორმატებში

პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე “ნამოხვანჰესის” მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, დიალოგის ფორმატებში მიიღონ მონაწილეობა.

მისივე თქმით, საგნობრივი დისკუსია მნიშვნელოვანია.

„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ყველა მთავარ მოთხოვნაზე, რაც ჰქონდათ პროტესტის ორგანიზატორებს, პრემიერმა შემხვედრი წინადადებები და სამართლიანი პასუხები გასცა, მოხდება გარემოს შეფასების საკითხის კიდევ ერთხელ გადამოწმება სიღრმისეულად, პროფესიონალების მიერ. მოხდება დამოუკიდებელი ექსპერტების, დამოუკიდებელი ორგანიზაციების მხრიდან ხელშეკრულების შეფასება და მისი კიდევ ერთხელ შესწავლა. როგორც მოგეხსენებათ, პრემიერმა ასევე გაახმოვანა გადაწყვეტილება, რომ კაშხლის მშენებლობის პროცესი არ დაიწყება და გადავადდება, ვიდრე ამ საკითხებზე საზოგადოებას მეტი ინფორმაცია არ ექნება. შესაბამისად, ყველა საკითხზე პრემიერმა გასცა პასუხები და დღეს ჩვენი კითხვა არის, როდესაც პასუხები არსებობს, რას ემსახურება ეს პროტესტი, ხომ არ არის მიმართული პროექტის წინააღმდეგ, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ვინაიდან ამ ტიპის პროექტების გაჩერება და დაბლოკვა შედის ერთადერთი ჩვენი მტრების ინტერესებში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროტესტის ორგანიზატორებს, მიიღონ მონაწილეობა დიალოგის ფორმატებში, საგნობრივი დისკუსია შედგეს, არსებობს მზადყოფნა, თითოეული საკითხი იყოს განხილული, იმედი მაქვს, ასეც მოხდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები