ჯერ მხოლოდ 9 წლის არის. დაიბადა თბილისში. ამჟამად სწავლობს მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის N41 საჯარო სკოლის მეოთხე კლასში.
შემოქმედებითი ნიჭი ადრეული ასაკიდანვე აღმოაჩნდა. ხატვა მისი ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა, რომელსაც დიდი მონდომებითა და სიყვარულით ეუფლება. განსაკუთრებულად აინტერესებს პორტრეტული და გრაფიკული ნამუშევრები. მხატვრულ ნიჭს ავითარებს „ირინკას არტ სტუდიაში“ (ირინა ჩიტაშვილის სტუდია).
მონაწილეობდა ექვს გამოფენაში, მათ შორის ელენე ახვლედიანის ბავშვთა სახლ – მუზეუმში გამართულ თემატურ გამოფენებსა და „მე მინდა საქართველო მიცნობდეს“ – გამოფენებში. აღსანიშნავია, რომ ელენე ახვლედიანის ბავშვთა სახლ – მუზეუმმა მისი ერთ–ერთი ნამუშევარი ფონდში დაიტოვა.
ხელოვნების გარდა, განსაკუთრებულად უყვარს მუსიკა და სიმღერა. ასევე დაინტერესებულია სპორტით, კერძოდ, ცურვით… დიდი ინტერესით კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას, განსაკუთრებით კი სათავგადასავლო ჟანრის წიგნებს.
იზრდება დიდ, მოსიყვარულე ოჯახში მშობლებთან, ძმასთან, ბებია–ბაბუასთან და საყვარელ ცუგასთან ერთად. – თამარ ჭყოიძის პერსონა.
– ხატვა როდის შეგიყვარდათ? საყვარელი მხატვრები…
– ხატვა ექვსი წლის ასაკში შემიყვარდა. ერთ დღეს პეიზაჟი დავხატე და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ საკუთარი ფანტაზიითა და წარმოსახვით სხვადასხვა სურათის შექმნა შემეძლო. მას შემდეგ ხატვა ჩემი საყვარელი საქმიანობა გახდა. განსაკუთრებით მიყვარს ისეთი მხატვრების შემოქმედება, როგორებიც არიან: ნიკო ფიროსმანი, ვინსენტ ვან გოგი და ლეონარდო და ვინჩი. მათი ნამუშევრები შთაგონებას მაძლევს და ხელოვნების სამყაროს უკეთ გაცნობაში მეხმარება.
– ყველაზე ხშირად ხატავთ?..
– ყველაზე ხშირად პორტრეტებს ვხატავ გრაფიკაში. ადამიანების სახეების, ემოციებისა და ხასიათის გადმოცემა ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესია. სწორედ ამიტომ ვცდილობ, თითოეულ ნამუშევარში განსხვავებული განწყობა და ინდივიდუალობა გამოვსახო.
– როგორ ემზადებოდით ელენე ახვლედიანის ბავშვთა სახლ-მუზეუმში გამართული გამოფენისთვის?
– გამოფენისთვის მზადება ყოველთვის საინტერესო და საპასუხისმგებლო პროცესია. თავდაპირველად მასწავლებელთან ერთად ვარჩევ თემას, რომელზეც უნდა ვიმუშაო. შემდეგ ვიწყებ ჩანაფიქრის დამუშავებას, ვქმნი ესკიზებს და ეტაპობრივად ვასრულებ ნამუშევარს. დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ ვამუშავებ დეტალებს, რათა ნახატი სრულყოფილი იყოს და ღირსეულად წარდგეს გამოფენაზე.
– სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევით. დროს როდის ნახულობთ შემოქმედებითი საქმიანობისთვის?
– ვცდილობ, სასკოლო დავალებები დროულად და პასუხისმგებლობით შევასრულო, რათა მეტი დრო დამრჩეს შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ხშირად მეცადინეობის დროსაც მიჩნდება ახალი იდეები, რომლებსაც შემდეგ ნახატებში ვახორციელებ. ვფიქრობ, სწავლაც და ხელოვნებაც ერთმანეთს ავსებს და განვითარებაში მეხმარება.
– გიყვართ პორტრეტების ხატვა…. პირველი შემფასებელი?
– პორტრეტების ხატვა მიყვარს… ვფიქრობ, ეს მიმართულება ყველაზე კარგად გამომდის. ჩემი პირველი შემფასებელი ყოველთვის თავად ვარ – ვაკვირდები შედეგს, ვაფასებ, რამდენად შევძელი ჩანაფიქრის გადმოცემა და შემდეგ მასწავლებლის რჩევების გათვალისწინებით კიდევ უფრო ვაუმჯობესებ ნამუშევარს.
– „ირინკას არტ სტუდიაში“ (მხატვარ ირინა ჩიტაშვილთან) ეუფლებით ხატვას. რას იტყოდით სტუდიაზე? გამოფენებზე?
– „ირინკას არტ სტუდიაში“ თავს ძალიან კომფორტულად და თავისუფლად ვგრძნობ. აქ მშვიდი, სასიამოვნო და შემოქმედებისთვის შესაფერისი გარემოა. მასწავლებელი ყოველთვის მაძლევს სასარგებლო რჩევებს; რაც შეეხება გამოფენებს, მონაწილეობა და დასწრება ძალიან მიყვარს, რადგან შესაძლებლობა მაქვს, გავეცნო სხვა მხატვრების ნამუშევრებს, შევხვდე ჩემს თანატოლ და უფროს ხელოვანებს და ახალი გამოცდილება შევიძინო.
– მუსიკა და სიმღერა ჭოხონელიძეების სტუდიაში. მონაწილეობთ მუსიკალურ საღამოებში… როგორ ანაწილებთ დროს ხატვისა და სიმღერისთვის? მუსიკა შთამაგონებელია…
– ხატვაც და სიმღერაც ჩემთვის ერთნაირად საყვარელი საქმიანობაა. დედიკოს დახმარებით ჩემი კვირის განრიგი ისეა შედგენილი, რომ ორივე მიმართულებით თავისუფლად ვმეცადინეობ. მუსიკა ნამდვილად მაძლევს შთაგონებას – ხშირად საყვარელი სიმღერების მოსმენისას ახალი იდეები მიჩნდება, რომლებიც შემდეგ ჩემს ნახატებში აისახება.
– ჰობი…
ჩემი ჰობია ხატვა, სიმღერა, ცეკვა, მეგობრებთან ერთად თამაში, ასევე კომიქსების შექმნა და კითხვა. განსაკუთრებით მიყვარს საინტერესო და სათავგადასავლო ისტორიების კითხვა, რადგან ისინი წარმოსახვის განვითარებაში მეხმარება.
– ოჯახი როგორ გეხმარებათ შემოქმედებით მუშაობაში?
– ჩემი ოჯახის წევრები ყოველთვის მხარს მიჭერენ და ზრუნავენ, რომ შემოქმედებისთვის საჭირო გარემო მქონდეს. დედა ხშირად მიკითხავს საინტერესო ინფორმაციას ხელოვნების შესახებ, ერთად ვათვალიერებთ ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს და ვუსმენთ ჩემს საყვარელ მუსიკას.
– ამჟამად რას ხატავთ? უახლოეს მომავალში თუ აპირებთ გამოფენაში მონაწილეობას?
– ვმუშაობ მარინისტულ ნახატზე, რომელზედაც გამოსახულია მზის ჩასვლა ზღვის სანაპიროზე. ნახატში ადამიანები ზღვაში ერთობიან და ულამაზეს მზის ჩასვლას აკვირდებიან. ვცდილობ, ნამუშევარში ზაფხულის თბილი და სასიამოვნო განწყობა გადავცე. მომავალშიც დიდი სურვილი მაქვს, მონაწილეობა მივიღო სხვადასხვა გამოფენაში და ჩემი ნამუშევრები უფრო ფართო საზოგადოებას გავაცნო.






თამარ შაიშმელაშვილი