გერმანიამ ისტორიაში პირველად გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის ადგილი ვერ მოიპოვა
გერმანიამ ისტორიაში პირველად ვერ მოახერხა გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის ადგილის დაკავება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამართულ ფარულ კენჭისყრაში გამარჯვებისთვის ქვეყნებს დელეგატთა ხმების ორი მესამედი (190-დან 127 ხმა) სჭირდებოდათ. გერმანიამ მხოლოდ 104 ხმის მოპოვება შეძლო და კონკურენტებთან დამარცხდა.
უშიშროების საბჭოში ადგილები პორტუგალიამ (134 ხმა) და ავსტრიამ (131 ხმა) მოიპოვეს – სწორედ ეს სახელმწიფოები დაიკავებენ არამუდმივი წევრის პოზიციებს 2027-2028 წლებში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე გერმანია ექვსჯერ იყო უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი და ეს მისი პირველი ასეთი მარცხია.
კენჭისყრას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული დაესწრო. შეხვედრას გაეროს გენერალური ასამბლეის ამჟამინდელი პრეზიდენტი, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უძღვებოდა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლისთვის გერმანია გაეროს მთელ სისტემაში სიდიდით მეორე კონტრიბუტორი იქნებოდა.