მიხეილ სარჯველაძე: ჟენევაში გამართულ შეხვედრებზე უკლებლივ ყველა მხარე დიუშენის ახალ პრეპარატებთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობს

„რამდენიმე დღის წინ ჟენევაში ვიმყოფებოდი და დაახლოებით თხუთმეტი სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირებს, სამედიცინო და კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს შევხვდი. უკლებლივ ყველა საუბრობს კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, თუმცა ყველა იმედით არის განწყობილი. ყველას სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად ყველა კითხვას მოეძებნოს რელევანტური პასუხი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ევროპულ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, რომ მიღებული იყოს გადაწყვეტილება სახელმწიფო პროგრამებში ამ მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებით“ – ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ვინაიდან ეს პრეპარატები ბაზარზე ახალი გაჩენილი საშუალებებია, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მსგავსი სიფრთხილე და დაკვირვება აბსოლუტურად გამართლებული და ლოგიკური პროცესია.

ამასთან, უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროს კარი პირველივე დღიდან ღიაა ყველა დაინტერესებული მხარისთვის, განსაკუთრებით კი პაციენტების მშობლებისთვის. 

„რაც ამაზე საჯარო დისკუსიები დაიწყო, იმ დღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ არასოდეს კარი არ დაგვიკეტავს არცერთი დაინტერესებული პირისთვის და უპირველესად, რა თქმა უნდა, მშობლებისთვის. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მიახლოებული იყოს პაციენტების საჭიროებებთან ყველა ის სერვისი, რომელიც სახელმწიფოს აქვს. სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი რამ კეთდება – ყველა ის სერვისი, რაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის თანახმად, პაციენტებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. კარგი იქნება, ბევრად სასარგებლო იქნება თვითონ პაციენტებისთვისაც, თუ ამ მუშაობის პროცესში აქტიურად, უშუალოდ ჩართულები იქნებიან, მათ შორის, მშობლებიც და ნებისმიერი დაინტერესებული პირი. ეს არის ჩვენი მოწოდებაც პირველივე დღიდან, ასე ვაგრძელებთ და ბუნებრივია, ამ კარის დახურვას არც ვაპირებთ“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები