ბიძინა გიორგობიანი – გორში მომხდარზე: ამ შემთხვევის გადაყვანა პოლიტიკურ ჭრილში არამართებულია

“ამ შემთხვევის გადაყვანა პოლიტიკურ ჭრილში არამართებულია. ეს არის კონკრეტული ადამიანების დანაშაული და სახელმწიფოს ჰქონდა მყისიერი რეაქცია პოლიციელების მიერ ჩადენილ გადაცდომაზე”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგობიანის თქმით, კითხვის ნიშნები კონკრეტული პირების მიმართ არსებობს და ამას გამოძიება გაარკვევს.

„გაარკვევს გამოძიება და გავიგებთ რანაირად აღმოჩნდნენ ის ადამიანები იქ, რომლებიც ამას იწერდნენ და შემდეგ როგორ აგორდა სოციალურ ქსელებში და მასმედიაში ეს შემთხვევა. პირველი არ არის ასეთი შემთხვევა. თუ ისინი [ოპოზიცია] არიან იმის იმედად, რომ გარკვეული კრიმინალი აქციონ პოლიტიკური აქციების და პროტესტის ტრიგერად, ამის იმედად არიან ძალიან ტყუილად. კარგია, როდესაც სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ დამნაშავეები დასაჯოს თვითონ და საქართველო არ დაემსგავსოს უკრაინას, რომელსაც აშშ-დან დაინსტალირებული გარკვეული უწყება იქაურ კრიმინალებს დევნის და ადგილობრივ სამართალდამცავებს ამის უნარი არ გააჩნიათ. ჩვენი სახელმწიფო არის ამისთვის მზად და მოქმედი და ეს ძალიან კარგია. ყველაზე დონეზე კანონი არის ერთი ყველასათვის“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები