ბექა გელენავა: სწორედ მშვიდობა და სტაბილურობა არის გარანტია იმისა, რომ კომპანია Tether-ის მსგავსი კომპანიები საქართველოში შემოდიან
„კომპანია Tether-ის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. მსგავსი კომპანიის შემოსვლა საქართველოში ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მთავრობა სწორ პოლიტიკას ატარებს“, – განცხადება ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ბექა გელენავამ გააკეთა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს თავის ეკონომიკურ გუნდთან ერთად წარმატებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
„სწორედ მშვიდობა და სტაბილურობა არის გარანტია იმისა, რომ მსგავსი კომპანიები შემოდიან და დოვლათი შემოაქვთ ჩვენს ქვეყანაში, რისთვისაც მინდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს მადლობა გადავუხადო, რადგან ძალიან დიდი მუშაობის შედეგია ის, რომ მსგავსი კომპანიები შემოდიან საქართველოში“, – განაცხადა ბექა გელენავამ სხდომაზე.
მისივე თქმით, „კომპანია მსოფლიოში ყველაზე დიდი stablecoin-ის, USDT-ის, გამომშვებია და მისი აქტივები დაახლოებით 200 მილიარდ დოლარს უახლოვდება, ხოლო მხოლოდ ამერიკულ სახელმწიფო ობლიგაციებში 140 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს განთავსებული.
„Tether-ის დაინტერესება საქართველოსთვის ნიშნავს, რომ ქვეყანა შეიძლება ჩამოყალიბდეს რეგიონულ fintech და digital finance ჰაბად, რაც ზრდის როგორც საინვესტიციო მიმზიდველობას, ისე საერთაშორისო ფინანსურ ხილვადობას.
ეკონომიკური თვალსაზრისით, blockchain ინფრასტრუქტურასთან ინტეგრაციამ შეიძლება დააჩქაროს საერთაშორისო გადარიცხვები, შეამციროს ტრანზაქციული ხარჯები, გაზარდოს fintech სექტორის განვითარება, გაზარდოს უცხოური კაპიტალის შემოდინება; აგრეთვე შექმნას ახალი მაღალანაზღაურებადი ტექნოლოგიური სამუშაო ადგილები – ამ ძალიან პოზიტიური ეკონომიკური სიახლის ფონზე უმნიშვნელოვანესია, რომ მსგავს კომპანიებს დავახვედროთ კარგად მომზადებული ადამიანური რესურსი. სწორედ ამიტომ მოქმედებს თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, რომელიც დაინტერესებულ პირებს IT და ტექნოლოგიურ მიმართულებებს რამდენიმე პარტნიორ კოლეჯსა და აკადემიაში სთავაზობს, რომელიც სრულად ფინანსდება მერიის მიერ“, – განაცხადა ბექა გელენავამ.