ირაკლი ქადაგიშვილი: ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აქვს ობიექტური, კანონით განსაზღვრული მოცემულობები – ის, რომ ოპოზიცია არის აღრეული, ეს რიგგარეშე არჩევნების იოტისოდენა საფუძველსაც არ წარმოადგენს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების არანაირი წინაპირობა არ არსებობს და ოპოზიციის აღრევა, არჩევნების იოტისოდენა საფუძველსაც არ წარმოადგენს.

როგორც მან „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას და იქ ჩაწერილ თარიღებს, რომლებიც ქვეყნის სტაბილურობას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, პოლიტიკოსის განმარტებით, არჩევნები 2028 წლის ოქტომბერში ჩატარდება.

„მე ერთს ვიტყოდი არჩევნებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აქვს თავისი ობიექტური, კანონით განსაზღვრული მოცემულობები. რა მოცემულობები უნდა დადგეს ქვეყანაში, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს? მაგალითად: ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის, რომ მთავრობას აღარ უნდა შეეძლოს ბიუჯეტის ფორმირება და ა.შ. ან უმრავლესობა უნდა დაიშალოს და ნდობის ვოტუმი დაკარგოს მთავრობამ. თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური წინსვლა, ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება, მმართველი გუნდი არის მონოლითური, მას თავისი სამოქმედო გეგმა და მიზნები გააჩნია. ამიტომ, ამის არანაირი წინაპირობა ქვეყანაში არ ჩანს. ის, რომ ოპოზიცია არის დარეული, აღრეული, არ იცის რა მიმართულებით წავიდეს და რა კედელს მიაწყდეს, ეს, რა თქმა უნდა, რიგგარეშე არჩევნების არანაირ, იოტისოდენა საფუძველსაც არ წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, ჩვენ მძიმე ისტორია და მემკვიდრეობა მოგვდევს, დაპირისპირება, სამოქალაქო ომი, რევოლუცია და ა.შ. საზოგადოებას და ქვეყანას, განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის სჭირდება ის, რომ აუცილებლად ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას. კონსტიტუციაში ჩაწერილი ვადები არ არის უბრალოდ ციფრები, ეს განაპირობებს ქვეყანაში სტაბილური განვითარების ეტაპებს. აქედან გამომდინარე, 2028 წლის ოქტომბერი არის სწორედ ის თარიღი, როდესაც ჩატარდება მომდევნო საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები