ალექსანდრე რაქვიაშვილი – ოპოზიციურ გაერთიანებაზე: ეს ალიანსი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მონების და ლილიპუტების გაერთიანებაა
ეს ალიანსი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მონების და ლილიპუტების გაერთიანებაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ოპოზიციურ ალიანსზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი უცნაური გაერთიანების შიგნით კონფლიქტი სრულიად გასაგებია და მათი ბედი ისე განვითარდება, როგორც ამას მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტს.
„ეს ალიანსი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მონების და ლილიპუტების გაერთიანებაა. როცა მოუნდება მაშინ შეუძლია ჩაძიროს ეს ხალხი, ან არ ჩაძიროს. მე მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული რა გააკეთოს ამის თაობაზე – გააგრძელოს ივანიშვილთან დაპირისპირება თავის მოღალატეებთან ერთად თუ მოიშოროს. ხან ერთ გზას ადგება, ხან მეორეს. მე რადგან ვერ ჩავძვრები მის თავში, არ ვიცი რა ბედი ელის ამ ალიანსს. მაგრამ, ასეთი უცნაური გაერთიანების შიგნით კონფლიქტები რომ იქნება ისედაც გასაგებია. ბოლოს და ბოლოს, ამ ხალხს ერთმანეთზე ისეთები აქვს ნათქვამი, რომ საერთოდ ერთ ოთახში როგორ არიან ისიც კი მიკვირს. მაგრამ, რადგან ეს ალიანსი მიხეილ სააკაშვილის ხმების გაყოფის ალიანსია და მათ არც განსაკუთრებული იდეა გააჩნიათ და არც რაიმე მიზანი, გარდა იმისა, რომ ისევ მიხეილ სააკაშვილის ხარჯზე იარსებონ პოლიტიკაში, მგონია, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერი მიხეილ სააკაშვილზე დგას. როგორც გადაწყვეტს ისე იქნება, მე ამაზე არც გავლენა მაქვს და არც დიდი ინტერესი“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.