ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Fast Track სერვისი ამოქმედდა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დღეიდან მგზავრებს ახალ პრემიუმ სერვისს – Fast Track-ს სთავაზობს, რომელიც უსაფრთხოების კონტროლისა და საპასპორტო კონტროლის სწრაფად გავლას უზრუნველყოფს და აეროპორტში ლოდინის დროს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ე.წ. ,,სწრაფი გასასვლელი“ მგზავრებს საშუალებას აძლევს, საერთო რიგების გვერდის ავლით, სპეციალური დერეფნის საშუალებით უფრო სწრაფად გაიარონ აეროპორტში აუცილებელი პროცედურები. Fast Track სერვისი განსაკუთრებით მოთხოვნადია პიკის საათებში, როდესაც აეროპორტში მგზავრთნაკადი მაღალია.

სერვისი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯის გახსნასთან ერთად ამოქმედდა და თვითმომსახურების (Self-Service) პრინციპით იმუშავებს. Fast Track სივრცე აღჭურვილია Visa POS ტერმინალით, რომლის საშუალებითაც Visa-ს პრემიუმ ბარათის მფლობელები სპეციალური პირობებით ისარგებლებენ. 

მგზავრებს, რომლებიც Visa-ს პრემიუმ ბარათს არ ფლობენ, Fast Track-ის შეძენა ადგილზე QR კოდის საშუალებით, ან წინასწარ, აეროპორტისა და ავიაკომპანიების ვებგვერდებიდან შეეძლებათ.

ბოლო წლების განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი სტაბილურად იზრდება. 2025 წელს აეროპორტი 1,824,720 მგზავრს მოემსახურა, ხოლო 2026 წლისთვის წინასწარი პროგნოზით, 1,859,657 მგზავრის მიღებაა დაგეგმილი. ამ დროისთვის აეროპორტში  7 ავიაკომპანია ოპერირებს და პირდაპირ რეგულარულ რეისებს 17 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ Fast Track სერვისის დანერგვა მგზავრთა კომფორტის გაუმჯობესებასთან ერთად, აეროპორტის გამტარუნარიანობისა და ოპერაციული ეფექტიანობის ზრდასაც შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები