თეონა დოლენჯაშვილის ახალი წიგნის – „მე-მერსოს” წარდგენა გაიმართება
9 ივნისს, 19:00 საათზე, თეონა დოლენჯაშვილის ახალი წიგნის – „მე-მერსოს” წარდგენა გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ავტორი ისაუბრებს წიგნის შექმნის პროცესზე, უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს და გასცემს სამახსოვრო ხელმოწერებს.
წიგნზე ისაუბრებენ: ავტორი – თეონა დოლენჯაშვილი, მოდერატორები (ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის ხელმძღვანელი) – ნანა ლალიაშვილი, მწერალი, ქეთი ნიჟარაძე და სხვა სპიკერები.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებს გვანცა ჩხეიძე.
2024 წელს, შემოქმედებითი სარეზიდენციო მობილობით თეონა დოლენჯაშვილი იმყოფებოდა საფრანგეთში. პროგრამა განხორციელდა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით.
ორი ქვეყანა – საქართველო და საფრანგეთი. ორი გმირი – მარია და კრისტო. ორი „უცხო“ და ორი ამბავი იქ, სადაც ცხოვრება წინააღმდეგობაა, სიყვარული კვდება, ძალადობა ნორმად იქცევა და თავისუფლებას გაქცევით მოიპოვებ. რომანი მოგვითხრობს ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღე ებრძვიან ყოფის სიმძიმეს და, სიზიფესავით, კვლავ და კვლავ მიაგორებენ ცხოვრების ლოდს მთის წვერისკენ. ალბერ კამიუს პერსონაჟების მსგავსად, აბსურდულ სამყაროში მათთვის მხოლოდ ერთი არჩევანი არსებობს – არ დანებდნენ და მაინც აიტანონ ძირს დაგორებული ლოდი არსებობის მთაზე.
მისამართი: ფაბრიკა Rooftop, ეგნატე ნინოშვილის ქ. №8.