ირაკლი გოგავა: ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტის რეალური მიზეზი სხვაა, მელიას სამაჯურის მოხსნა-არმოხსნაზე არ ჩამოდიან ასეთი რანგის ევრომოხელეები
,,რაც დღეს ხდება, კლასიკური ძიძგილაობაა სალაფავთან, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტთან უკეთესი ადგილის დასაკავებლად”, – ასე აფასებს დღეს მიმდინარე პროცესებს და პოლიტიკური სპექტრის მოქმედებებს საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ირაკლი გოგავა ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს ამ სიტუაციას პოლიტიკური კრიზისი დაარქვას.
“დღეს ჩვენ გვყავს სუსტი პრეზიდენტი, რეალურად უუფლებო პარლამენტი, ხშირად ცვლადი პრემიერი და გვაქვს პარტიული არჩევნების სისტემა. მაჟორიტარული სისტემის დაკნინება და 2024 წლიდან სტერილურად მხოლოდ პარტიული არჩევნები კიდევ მეტ არასტაბილურობას მოგვიტანს და პარლამენტი საზოგადოებაში უავტორიტეტო ხალხით უფრო მეტად დაკომპლექტდება. ჩვენ არა გვყავს პარტიები, გვყავს ხელისუფლებაში მოსვლის მსურველი ცალკეული ინდივიდის ფანკლუბები, რომელთა ზომა ინდივიდის ჯიბის ზომაზეა დამოკიდებული.
დასავლეთში არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ აჟიოტაჟი თავიანთი მიზნების მისაღწევად გამოიყენონ. ცხადია, ამისთვის იყენებენ ადგილობრივ დასაყრდენ ჯგუფებს, რომელთაც საკუთარი ქვეყნის სიყვარული ატროფირებული აქვთ და თავი მიაჩნიათ კოსმოპოლიტური ელიტის ნაწილად, რეალურად კი მხოლოდ პირადი გამორჩენა აინტერესებთ ქვეყნის და ხალხის ხარჯზე.
მათ ამა თუ იმ ფორმით უკვე ჰქონდათ ძალაუფლება და ყველამ ვნახეთ, რანი არიან, მათ სამშობლოს გაყიდვის ტარიფებიც კი გაგვაგებინეს.
ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტის რეალური მიზეზი სხვაა. მელიას სამაჯურის მოხსნა-არმოხსნაზე არ ჩამოდიან ასეთი რანგის ევრომოხელეები. საქმე ის არის, გლობალურ ძალებს და გადაწყვეტილების მიმღებ გლობალურ ცენტრებს აქვთ ინერცია, რომ სხვა სახელმწიფოებში ხელისუფლების მაქსიმალური კონტროლი აიღონ ხელში, რათა შემდგომ საკუთარი კაპიტალის ინტერესები უფრო ეფექტურად გაატარონ. ცხადია, ეს ყველაფერი ხდება დემოკრატიაზე ზრუნვის, კანონის უზენაესობის, მდგრადი განვითარების, პლანეტის გადარჩენისა და სხვა ლამაზი ლოზუნგების საფარქვეშ. მაგალითად, უკრაინას შეაქმნევინეს ანტიკორუფციული სააგენტო, სადაც ხელმძღვანელს რეალურად თავად არჩევენ. სააგენტოს შექმნის მიზანია აღმასრულებელი და თვითმმართველობის მთელი ვერტიკალის გაკონტროლება.
სავალუტო ფონდმა კრედიტის გამოყოფის სანაცვლოდ უკრაინას მოსამართლეების შერჩევაში უცხოელი ექსპერტების ჩართვა მოსთხოვა, რაც რადამ მიიღო, თუმცა შემდეგ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ ეს კანონი ანტიკონსტიტუციურად ცნო და შეაჩერა. რეალურად საუბარია სასამართლო სისტემაზე კონტროლის დამყარებაზე და ცხადია, ეს ხდება კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების აღმოფხვრის ლამაზი ლოზუნგებით. ვფიქრობ, იგივე ინტერესები აქვთ საქართველოში – სასამართლო სისტემის კონტროლი და ანტიკორუფციული ორგანოს შექმნა, რომლითაც ზეწოლას მოახდენენ ხელისუფლებაზე. ეს ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვას. ჩვენი სასამართლო სისტემა არ არის იდეალური, არც ერთ ქვეყანაში არ არის იდეალური, მაგრამ ბოლო 30 წლის განმავლობაში უკეთესი სასამართლო არ გვყოლია.
უცხოეთიდან გაკონტროლებული სასამართლო მომავალში იმოქმედებს მხოლოდ უცხოური კაპიტალის სასარგებლოდ და ჩვენ აღმოვჩნდებით საკუთარ ქვეყანაში უუფლებო სტუმრების როლში, რომლის დანიშნულება იქნება მხოლოდ ერთი: იაფად მოემსახუროს უცხოური კაპიტალის ინტერესებს. ეს აისახება და უკვე აისახა ყველა საინტერესო აქტივზე: წიაღისეული, ენერგეტიკა, მიწები, პორტები, მსხვილი ქარხნები… დღეს საბანკო კაპიტალის 70% უცხოური ფულია და ბანკები აქტიურად ეწევიან არაპროფილურ ბიზნესს, რაც, წესით, აკრძალული უნდა იყოს.
საბოლოოდ ორი ბანკი იყიდის ყველა საინტერესო აქტივს და შემდეგ ამ ორ ბანკს იყიდის რომელიმე უცხოური გლობალური ფინანსური გიგანტი. ამ სცენარისგან თავის დასაზღვევად კი აუცილებელია სასამართლო სისტემის კონტროლი და მოხელეების დასაშინებელი მუდმივი სტრუქტურა ანტიკორუფციული ორგანოს სახით, რათა რომელიმე საკრებულომ ან არჩეულმა მერმა არ იფიქროს რომელიმე საბადოს დაბლოკვა ან ადგილობრივი ბიზნესისთვის გადაცემა. ოპოზიციაში რამდენიმე კაცმა ეს იცის და საგანგებოდ ქმნიან ნოყიერ ნიადაგს, რომ ქვეყანამ დაკარგოს სუვერენიტეტის ნარჩენები, სანაცვლოდ მათ ჰპირდებიან “მეფისნაცვლის” როლს და, ალბათ, საციცქნსაც დაუტოვებენ,”- აცხადებს ირაკლი გოგავა.
მისი თქმით, ახალი ფორმატია დასაწყები დასავლეთთან ურთიერთობაში.
,, აჟიოტაჟია არაფრის გამო. გაიძახიან, არჩევნები გაყალბდაო. დასავლეთი ამბობს, არ გაყალბებულაო, ხელისუფლებამ, გადავთვალოთო, მაგრამ ეს ოპოზიციას არ უნდა იმიტომ, რომ იქნებ იმ ყუთებში არ აღმოჩნდეს “ნაცების” იმდენი ხმა, რამდენიც ოქმებშია… სხვათა შორის, გამიკვირდა, მაგრამ თვით NDI-მ დაუწერა “ნაცებს” 5% რეიტინგი და როგორ აიღეს არჩევნებში 27%?! ამერიკის ელჩს კრემლის აგენტი რომ ეძახეს, ალბათ ამიტომ რეალური 5%-იანი შედეგი დაუდეს.
მთავარი საკითხი სამია: 1. გადასცემს თუ არა ხელისუფლება კონტროლს სასამართლო სისტემაზე უცხოეთის ცენტრებს. 2. გადაეცემა თუ არა მე-5 კოლონას აღმასრულებელი და თვითმმართველობის ორგანოების მაკონტროლებელი ანტიკორუფციული ორგანო; 3. შეეგუება თუ არა ხალხი ისედაც შემცირებული სუვერენიტეტის სრულ დაკარგვას.
არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ სადღაც მსოფლიოს ცენტრში ზის ხალხი და იმაზე ფიქრობს, როგორ გააბრწყინოს საქართველო. რეალური სამყარო დაუნდობელია და სიხარბეზეა აგებული. არსებობს მხოლოდ ხისტი ინტერესები და ეს ლამაზი დიპლომატიური ფრაზებით და ცერემონიებით ინიღბება. ჩვენ თავს ჩვენვე უნდა მივხედოთ. თუ არ გვინდა, მაშინ ჯერ სუვერენიტეტს დავკარგავთ სრულად, შემდეგ კი დაგვშლიან და ჩვენს ტერიტორიებს მდიდარი მეზობლები გაინაწილებენ. ახლა ყველაზე რთულ დროში ვართ, რამდენიმე წელს უფსკრულის პირას უნდა ვიაროთ.
ხელისუფლების იმედზე ვერ ვიქნებით, ჭრელი შემადგენლობაა, სადაც ბევრი მხოლოდ თავის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე ფიქრობს. ხალხმა უნდა აჩვენოს ძალა ყველას: უცხოეთსაც, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც.
უფრო საინტერესოა ევროკავშირთან ჩვენი საუბარი. საქართველოში არის საზოგადოებრივი კონსენსუსი ჩვენი ევროპასთან ინტეგრაციის თაობაზე. დასავლეთი ჩვენთვის საინტერესოა იმისთვის, რომ მივიღოთ განათლება ფუნდამენტურ მეცნიერებებში, ტექნოლოგიები და საწარმოო ხაზები, საკრედიტო რესურსები, უსაფრთხოება რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციისგან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დახმარება, პროდუქციის ბაზარი, სტანდარტები და ბევრი სხვა. რას ვღებულობთ რეალურად, გავაანალიზოთ. ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით უკრაინამ 15 მილიარდი მიიღო ეკონომიკის ევროსტანდარტებზე გადასაყვანად, ჩვენ? ქართული დიპლომატია ამ სიით უნდა ჩავიდეს ბრიუსელში და ამაზე უნდა ესაუბრონ: რომ ყოველწლიურად მოგვიმზადონ 500 ექიმი, 500 ინჟინერი, 1000 მშენებელი, 500 ბიოლოგი და ასე შემდეგ. მხოლოდ იურისტებსა და პოლიტოლოგებს გვიმზადებენ. ეს სამთვიანი სეზონური დასაქმება მიღწევად უნდა ჩავთვალოთ? იაფი სეზონური მუშახელის როლი რატომ უნდა იყოს ჩვენი საოცნებო? მოკლედ, ახალი ფორმატია დასაწყები დასავლეთთან ურთიერთობაში,”- აღნიშნავს ირაკლი გოგავა.