გია ხუხაშვილი: დღეს საზოგადოებაში რევოლუციური განწყობა არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება გაჩნდეს
“საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ დარღვევები და გაყალბება არ ყოფილა. არა, იყო და ამას მაინცდამაინც ხელისუფლებაც არ უარყოფს, მაგრამ ოპოზიცია ვერ ამტკიცებს, იყო თუ არა ეს იმგვარი მასშტაბის, რაც შედეგს არსებითად შეცვლიდა”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” საუბრისას აცხადებს.
მისივე თქმით, დღეს საზოგადოებაში რევოლუციური განწყობა არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება გაჩნდეს.
“საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ დარღვევები და გაყალბება არ ყოფილა. არა, იყო და ამას მაინცდამაინც ხელისუფლებაც არ უარყოფს, მაგრამ ოპოზიცია ვერ ამტკიცებს, იყო თუ არა ეს იმგვარი მასშტაბის, რაც შედეგს არსებითად შეცვლიდა. ამიტომაც მიმაჩნდა და ახლაც იმავეს ვფიქრობ, რომ მისი შესვლა პარლამენტში და შემდგომ ამ დარღვევების მასშტაბის საგამოძიებო კომისიასთან ერთად შესწავლა და დადგენა იქნებოდა ყველაზე სწორი გზა. მეტიც, სახელმწიფოებრივად სწორი, რაც აგვაცილებს რყევებს, გადაგვაგორებინებს რთულ ზამთარს. მართალია, კრიზისი არ გადაილახება, მაგრამ ცოტა ხნით დაიხურება. ოპოზიციას შეუძლია დარჩეს ბოიკოტის რეჟიმში. აუცილებელი არ არის სრულფასოვნად დაიწყოს პარლამენტში მუშაობა. მას შეუძლია იმუშაოს მხოლოდ კომისიასთან და მის დასკვნამდე არ მიიღოს მონაწილეობა სხვა საპარლამენტო პროცესებში. გამოიყენოს ეს კომისია თავისი სიმართლის დასამტკიცებლად, თუ დაამტკიცა, რა თქმა უნდა… ვფიქრობ, ეს არის შანსი ქვეყნისთვის, რათა ის ღრმა კრიზისში არ გადაიჩეხოს. ამას განსაკუთრებით პატარა პარტიების გასაგონად ვამბობ. არ არის აუცილებელი “ნაციონალებზე” მიწებება. მიშას სურვილები გასაგებია, ის რევოლუციური სცენარით მიდის, “პარადის” წაყვანა სურს, რასაც სხვანაირად ვერ შეძლებს. სააკაშვილის, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილის მართვის ფილოსოფია დამყარებულია აბსოლუტურ ძალაუფლებაზე. ამის მოპოვება დემოკრატიულ საზოგადოებაში შეუძლებელია, ეს მხოლოდ რევოლუციას მოაქვს. ცივილიზებული გზა მულტიპარტიულობაა, ეს კი ბიძინასაც და მიშასაც მხოლოდ ფასადისთვის სჭირდებათ. ამიტომაც მიდის მიშას გზა რევოლუციისკენ. ის შეეცდება ბევრი ჩაითრიოს ამაში, გამოიყენოს ყველა, ბოლოს კი თვითონ მოაჯდება ყველაფერს. ასე გააკეთა ბიძინა ივანიშვილმაც – შექმნა ვითომ მულტიპარტიული სისტემა, საბოლოოდ კი მივიღეთ სრულიად უნიტარული მმართველობა, როცა ერთი კაცი იღებს გადაწყვეტილებას და რაზეც არ იღებს, იმასაც მისი თანხმობა სჭირდება. დღეს საზოგადოებაში რევოლუციური განწყობა არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება გაჩნდეს. შეიძლებოდა რევოლუციური სიტუაცია ყოფილიყო კიდეც, ამ რევოლუციის ბელადობას რომ არ იჩემებდეს ძალიან კომპრომეტირებული ბრენდი – მიხეილ სააკაშვილი. სხვა ლიდერი რომ გამოჩენილიყო, შეიძლება შექმნილიყო კიდეც რევოლუციური ვითარება, რადგან ამის ინდიკატორები, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე სხვა მიმართულებით, ჩანს”,- აცხადებს ექსპერტი.