თენგიზ ცერცვაძე: ჩემი მონაცემებით, რამე სერიოზული გადაცდომა, რომელიც კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი შეიძლებოდა, გამხდარიყო, არ დაფიქსირებულა
“არის ინტერპრეტაცია, რომ საქართველოში კორონავირუსით სიკვდილობის მაჩვენებელი კატასტროფულად გაიზარდა. ეს კომენტარები სიმართლეს აბსოლუტურად აცდენილია”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევებისა და გარდაცვალების გარკვეული მატებისა, საქართველოს ერთ მილიონ მოსახლეზე მცირე გარდაცვლილი ჰყავს.
“სადღეისოდ, ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, რამე სერიოზული შეცდომები და გადაცდომები, რომლებიც შეიძლებოდა გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი, არ დაფიქსირებულა, მაგრამ თუ თქვენ კითხვას ასე სვამთ, კატეგორიულად ვერ გამოვრიცხავ და ოთხი, თუ ხუთი ოპერატიული ჯგუფი სწორედ იმიტომ იქნება, რომ ადგილზე შეაფასოს ეს სიტუაცია, ყველა შემთხვევაში სასიკვდილო გამოსავალი გარდაუვალი იყო და მას წინ ვერავინ აღუდგებოდა, ღმერთიც ვერ გადაარჩენდა, თუ ზოგიერთ შემთხვევაში ყველაფერი ოპტიმალურად არ გაკეთდა და შეიძლება რაღაც სხვანაირად გაკეთებულიყო, ვთქვათ პაციენტი გადარჩენილიყო. ამაზე პასუხი გვექნება ერთ კვირაში, ათ დღეში, რისი კორექციაც საჭირო იქნება, ყველაფერი დაკორექტირდება.
რაც შეეხება სიკვდილობის მაჩვენებლის ზრდას, ამასთან დაკავშირებით მინდა, სწორი ინტერპრეტაცია გაკეთდეს. არის ინტერპრეტაცია, რომ საქართველოში სიკვდილობის მაჩვენებელი კატასტროფულად გაიზარდა. ეს კომენტარები სიმართლეს აბსოლუტურად არის აცდენილი. მინდა, გითხრათ, რომ სიკვდილობის მაქსიმუმი, რაც საქართველოში დაფიქსირდა, იყო შვიდი შემთხვევა. ამ მაჩვენებელმა ერთეული შემთხვევებით მოიმატა, რაც საქართველოსთვის არის ბევრი, თორემ სხვა ქვეყნებში ასეთ მაჩვენებლებზე ოცნებობენ.
სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, მიუხედავად გარკვეული მატებისა, საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც დღემდე ევროპის 49 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის, ორი მცირე ქვეყნის გამოკლებით, ერთ მილიონ მოსახლეზე ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი ჰყავს. საქართველოში გარდაცვლილთა საოცრად დაბალი რიცხვი გვაქვს. მაგრამ, ვინაიდან გამოჩნდა ტენდენცია კორონავირუსის შემთხვევების მატების, მათ შორის გარდაცვალების ერთეული მატების, სამინისტრომ ამაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და სწორედ ამას უპასუხა დღევანდელი შეხვედრით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.