მიხეილ ჩხენკელმა და მაია ცქიტიშვილმა კახეთის რეგიონში საჯარო სკოლებისა და ინოვაციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ვიცეპრემიერთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლებისა და ინოვაციური ცენტრის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
“დღეს მოვინახულეთ კახეთის რეგიონში საჯარო სკოლებისა და ინოვაციური ცენტრის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები. ეს პროექტები განათლების სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლობით ხორციელდება. მადლობას ვუხდი ყველა ჩართულ მხარეს მომავალ თაობებზე ზრუნვისთვის.
მოხარული ვარ, რომ რეგიონში მცხოვრები მოსწავლეები კეთილმოწყობილ, ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების სკოლებში გააგრძელებენ სწავლას. ინოვაციების ცენტრი კი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, გაიღრმავონ ცოდნა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში. მსგავსი პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან ახალგაზრდებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების სტრატეგიული პრიორიტეტია”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, სასკოლო ინფრასტრუქტურა არის განათლების რეფორმის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს.
“სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაშიც მუნიციპალური განვითარების ფონდი და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩართულია 2019 წლიდან. ამჟამად, დაახლოებით, 220 მილიონი ლარის ღირებულების ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კახეთში ამ ეტაპზე 7 ახალი სკოლა შენდება. ერთ-ერთი გახლავთ სოფელ ბოდბის 90 ბავშვზე გათვლილი სკოლა. დანგრეული სკოლის გამო ბავშვებს მეზობელ სოფლებში სიარული უწევდათ, ახალი სკოლის გახსნის შემდეგ კი მათ საშუალება ექნებათ, თავიანთ სოფელში მიიღონ განათლება.
მნიშვნელოვანია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს დაგეგმილი 59 ახალი სკოლის მშენებლობა და 85 სკოლის რეაბილიტაცია. უნდა აღვნიშნო, რომ, დაახლოებით, 20 სკოლის დასრულებას სექტემბერში ვგეგმავთ. წლის ბოლომდე კი 4170 ბავშვზე გათვლილი სკოლების მშენებლობა იქნება დასრულებული.
ბუნებრივია, ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურა არის განათლების რეფორმის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს. ასევე, ახალგაზრდებისთვის შენდება ტექნოლოგიური პარკები და ინოვაციური ცენტრები. ასეთი ახალი სივრცე ეწყობა გურჯაანში, რომლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის საჯარო სკოლის მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში დასრულდება. იგი 90 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. შენობა ადაპტირებულია და მასში კეთილმოწყობილ საკლასო ოთახებთან, კაბინეტებსა და ლაბორატორიასთან ერთად განთავსდება ბიბლიოთეკა, ბუფეტი და ექიმის კაბინეტი. ასევე, მოეწყობა სარეკრეაციო სივრცე სკოლის ტერიტორიაზე. სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 809 968 ლარს შეადგენს.
მიხეილ ჩხენკელმა და მაია ცქიტიშვილმა ასევე მოინახულეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს სკოლის მშენებლობის პროცესი. ახალი შენობა 90 მოსწავლეზე არის გათვლილი და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. მათ შორის, ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისთვის. სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 1 682 000 ლარს შეადგენს. სკოლის მშენებლობა 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
ქალაქ გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა ივლისის ბოლომდე დასრულდება. ცენტრის ორსართულიან შენობაში განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები და საკონფერენციო სივრცე. ასევე, სხვადასხვა აქტივობისთვის მოეწყობა ღია ტერასა. კეთილმოეწყობა და შემოიღობება ცენტრის ტერიტორია და შეიქმნება პარკირების სივრცე. ინოვაციების ცენტრი ადაპტირებულია და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი 2 400 000 ლარით აფინანსებს.
აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წლებში განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაიწყო 59 ახალი სკოლის მშენებლობა და 100-მდე სკოლის პროექტირება-მშენებლობისა და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამასთან, 2019 წელს ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ 640 სკოლაში ჩატარდა მცირე სარემონტო სამუშაოები.