მაკა ბოჭორიშვილი – ელჩებზე: როდესაც შენ პოლიტიკურ დავალებას იღებ და არ ხარ პოლიტიკოსი, ძალიან ცუდად შეასრულებ ამ დავალებას და არაერთხელ ვნახეთ დიპლომატების მიერ ცუდად შესრულებული პოლიტიკური დავალებები
ერთი შეხედვით თითქოს არა უშავს, რა მოხდა მერე, ვისაც გინდა შეხვდი. ასე უმწიკვლოდ გვესმის, რომ რა მოხდა თუ ოპოზიციას შეხვდება, თქვენი ელჩებიც ხომ ხვდებიან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საფრანგეთის ელჩის არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც რომელიმე ქვეყანაში პარლამენტის წევრებთან ერთად არიან, საქართველოს ელჩებსაც უწევთ იმ ქვეყნის ოპოზიციასთან ურთიერთობა.
„როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ, აქ ცოტა სხვა სიტუაციასთან გვაქვს საქმე. აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, რომელიც სახელმწიფო სისტემაში, დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტშია წარმოდგენილი და თუნდაც განსხვავებულ აზრზე, ან განსხვავებულ პოზიციებზეა. ჩვენ ვსაუბრობთ ძალებზე, რომლებიც დემოკრატიის წინააღმდეგ იბრძვიან ამ ქვეყანაში. ძალებზე, რომლებიც ებრძვიან სახელმწიფოს ინსტიტუტებს და სახელმწიფოს უთხრიან ძირს. თუ ეს ძალებია ევროპული, აქ კიდევ დიდი კითხვის ნიშანი უნდა დაისვას. რა არის ევროპული, ის ძალები, რომლებიც დემოკრატიას და ევროპულ ფასეულობებს ებრძვიან? მე ასე არ ვფიქრობ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ელჩების როლზე სხვადასხვა სახელმწიფოში.
„წესით და რიგით დიპლომატის ვალდებულება და მოვალეობა არის ქვეყნებს შორის ხიდების აშენება, მაგრამ არ ვიტყოდი, რომ ისინი მარტივ მდგომარეობაში არიან. როდესაც შენ პოლიტიკურ დავალებას იღებ და არ ხარ პოლიტიკოსი, ძალიან ცუდად შეასრულებ ამ დავალებას და არაერთხელ ვნახეთ დიპლომატების მიერ ცუდად შესრულებული პოლიტიკური დავალებები, ეს ყველაფერს აზიანებს. აზიანებს დიპლომატიის არსსაც, სახესაც და აზიანებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებსაც და ეს ძალიან სამწუხაროა, როდესაც ათწლეულების განმავლობაში ნაშენები ურთიერთობები ფუჭდება ცუდად შესრულებული დავალების თუ ცუდად გადადგმული ნაბიჯების შედეგად. ამის ინტერესი ჩვენ არ გვაქვს.
მიუხედავად ბევრი არასამართლიანი დამოკიდებულებისა, ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ მაინც ვრჩებით ამ რეჟიმში, რასაც ჰქვია ცალმხრივი მეგობრობა. ჩვენ არ გვსურს ასე ერთიანად ჩამოვშალოთ ის წლების ნაშენები ურთიერთობები, რაც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან და შევწიროთ არასწორ ნაბიჯებს და არასწორ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განმარტა მაკა ბოჭორიშვილმა.